"უარი შერჩევით სამართალს" - ქუთაისში ჟურნალისტების აქცია გაიმართა
"ვგმობთ ძალადობას", "უარი შერჩევით სამართალს", - ამ მოწოდებებით ქუთაისში აქცია გაიმართა. ჟურნალისტებმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გუნდზე მომხდარი ძალადობა დაგმეს. მათი თქმით, ჟურნალისტები ხალხის სამსახურში არიან და მათთვის საქმიანობაში ხელის შეშლა დანაშაულია.
"ვაპროტესტებთ ძალადობას და ხელშეშლას ჟურნალისტურ საქმიანობაში. გვინდა, დღევანდელი აქცია იყოს გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ჟურნალისტები არიან მათ სამსახურში და არა ძალადობის ობიექტები. ბევრი საუბრობს, რომ შერჩევითი დამოკიდებულება იყო და რომ არ შეძლება პიჯაკის დაზიანების გამო ვიღაც დაიჭირო და ვიღაც გირაოს სანაცვლოდ გაუშვა ძალადობის და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო. ეს შეიძლება იმითაც არის განპირობებული, რომ საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა არის დასჯადი და ესეც იყო აქციის ერთ-ერთი გზავნილი", -განაცხადა ტელეკომპანია "მეგას"-ის მენეჯერმა ნანა თოშხუამ.
შეგახსენებთ, ჟურნალისტი ედიშერ მუშკუდიანი და ოპერატორი ბაკურ ჩიხლაძე წყალტუბოში იმ არასრულწლოვანი გოგოს ოჯახში იმყოფებოდნენ, რომელიც საკუთარი 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. ედიშერ მუშკუდიანს და ბაკურ ჩიხლაძეს ფიზიკურად მაშინ გაუსწორდნენ, როდესაც ავტომობილში სხდებოდნენ.
დაკავებული ორი პირი 3000- 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
შემთხვევა 23 მაისს მოხდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















