ქუთაისის მერიის შპს-ს უფასო აქცია, შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვად შეფასდეს
ქუთაისის მერიის შპს-ს ქმედება, შესაძლოა, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად და ამომრჩევლების მოსყიდვად შეფასდეს.
საქმე ეხება ქუთაისის მერიის შპს "მეოთხე პოლიკლინიკის" უფასო სამედიცინო აქციას. მერიის შპს-ს თანამშრომლები ქალაქის უბნებში თანამედროვე სამედიცინო აპარატურით მოქალაქეებს სხვადასხვა კვლევებს უტარებენ.
ბოლო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, სადაც საუბარია, რომ საკრებულოს წევრის მფლობელობაში მყოფი დაწესებულების თანამშრომლებს გამოკვლევა უფასოდ ჩაუტარდათ.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მე-4 შერეული პოლიკლინიკის მხარდაჭერით მომდევნო სამედიცინო აქცია, ამჯერად სამკერვალო კომპანია ’’იმერის“ თანამშრომლებისთვის გაიმართა.
კომპანიის თანამშრომლებს, რამდენიმე ტიპის გამოკვლევასთან ერთად ენდოკრინოლოგიური და ექოსკოპიური დიაგნოსტიკა ჩაუტარდათ“, - წერია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აქვეა საკრებულოს წევრის მაია სიმონიძის კომენტარი.
"მინდა მადლობა გადავუხადო მე-4 შერეული პოლიკლინიკის ხელმძღვანელს და პერსონალს, რომლებმაც დღეს ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს გამოკვლევები ჩაუტარეს და სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს. აქცია ერთჯერადი ხასიათის არ იქნება და მსგავსი ტიპის ღონისძიებები პერიოდულად გაიმართება", - აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს წევრმა, სამკერვალო კომპანია "იმერის" ხელმძღვანელმა მაია სიმონიძემ.
სამედიცინო აქციას ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი დაესწრო.
საარჩევნო პერიოდში, რომელიმე პარტიის მიერ მოქალაქეებისთვის უფასო ღონისძიების მოწყობა საარჩევნო დარღვევად მოაიზრება. საკითხის კომენტირებისათვის "ნიუპრესი" "საიას" ქუთაისის ფილიალს დაუკავშირდა. ორგანიზაციის თავმჯდომარის ზაალ გორგიძის განმარტებით, საკითხის შესწავლით მათი ორგანიზაციაც დაინტერესებულია. მისი თქმით, შესაძლოა იკვეთებოდეს დარღვევა, თუმცა ამბობს, რომ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და ამ დროისთვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
ქუთაისის საკრებულოში განმართავენ, რომ შპს- ს და საკრებულოს მიერ უფასო გამოკვლევის აქცია გაცილებით ადრე დაიწყო და ის საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება.
შეგახსენებთ, შპს "მეოთხე შერეული პოლიკლინიკისათვის" სამედიცინო აპარატურა ქალაქის მერიამ შეიძინა. შპს-ს ხელმძღვანელი ნინო ჩალაძე იმერეთის ვიცე გუბერნატორის მეუღლეა.

ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















