|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უფუნქციოდ დარჩენილი სპორტის გაკვეთილები და ჯანმრთელობის პრობლემები მოსწავლეებში

 ფიზიკურ აღზრდის გაკვეთილს ბავშვებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, ის  ბავშვს ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავებაში, ამასთან  გონებრივ განავითარებაშიც ეხმარება.

თუმცა, დღეს სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებმა, ე.წ. ფიზკულტურამ, ფუნქციები დაკარგა, რაც მოზარდთათვის არაერთი პათოლოგიის გამწვავების მიზეზი ხდება.

აღნიშნული საკითხი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი თითქმის ყველა სკოლის პრობლემაა. რატომ დაკარგა ფიზკულტურამ ფუნქცია და  რა პრობლემებს უქმნის ბავშვებს ჩაშლილი გაკვეთილები, აღნიშნული საკითხის შესახებ „ნიუპრესს“ სამკურნალო გამაჯანსაღებელი მუშაობის სპეციალისტი,  ქუთაისის #29–ე საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი  ნესტან თელია ესაუბრა. 

–რას ნიშნავს ფიზკულტურის გაკვეთილი ბავშვისათვის?

-აუცილებლობა სპორტის არის ის, რომ ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს დაცული მავნე ჩვევების  ზეგავლენისგან.  ასევე აუცილებელია დღის რეჟიმის მოსაწესრიგებლად. ის არა მხოლოდ მოძრაობასა და სპორტულად ცხოვრებას ნიშნავს, არამედ ბავშვს გონებრივ შესაძლებლობებსაც უვითარებს. ეს, ფაქტობრივად, სამედიცინო საგანი გამოდის.

პირველი კლასიდანვე ვიწყებთ ბავშვზე ზრუნვას. გაკვეთილის დაწყებამდე 10–15 წუთს სპეციფიკურ ვარჯიშებს ვუთმობთ. რომ ბავშვმა  პატარობიდანვე გაიაზროს ვარჯიშის მნიშვნელობა.  ეს გაკვეთილები პათოლოგიების გამოვლენასა და განკურნებას უწყობს ხელს. ელემენტარულად ბრტყელტერფიანობა, შესაძლოა, სხვადასხვა სახის გამრუდებების მიზეზი გახდეს. ამისათვის საჭიროა  გაკვეთილებზე დასწრება.  მშობელს კონსულტაციაზეც ვერ მიჰყავს ბავშვი ფინანსური პრობლემების გამო და 15 პროცედურის ჩატარების საშუალება ხომ საერთოდაც არ  აქვს.  ამიტომ თავის დროზე ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო შეთანხმდნენ, შემოიღეს სამი საათი ფიზიკური აღზრდისათვის.  მოგვიანებით,  ვინაიდან საგნების რაოდენობა გაიზარდა, დაემატა  „ისტი“- კომპიუტერი,  რაც, რა თქმა უნდა, ავითარებს ბავშვს ინტელექტუალურად, მაგრამ ვერა ფიზიკურად. სამწუხაროდ, ფიზკულტურის ხარჯზე ის სამი საათი შემცირდა და ორი გახდა. მოგვიანებით კი, ერთი   ჭადრაკმა დაიკავა. ანუ ჭადრაკის დროს ბავშვი ისევ მოხრილი ზის და მოძრაობა არ უწევს, თავჩახრილია და ფიქრობს. ამანაც უარყოფითი შედეგები მოიტანა. გამოცდილებიდან ვიცი, რომ ბავშვები, რომლებიც ჭადრაკზე დადიოდნენ და ფიზკულტურის გაკვეთილზე არ შემოდიოდნენ, ყველას ოსტეოქონდროზი დაემართა,  ყველას პრობლემები განუვითარდა. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა.

–რატომ აღარ არის ეს საგანი აქტუალური?

პრობლემა არის ისიც, რომ დაწყებით კლასებში, როდესაც ბავშვის ხერხემალი ვითარდება და აუცილებელია სწორი ვარჯში. სწორედაც ამ დროს გაკვეთილებს ატარებს დაწყებითი კლასის  მასწავლებელი. ისინი არიან კარგი პედაგოგები, სერთიფიცირებულები და თავიანთი საქმის სპეციალისტები, მაგრამ ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში  არ არიან  მომზადებულები ისე,  როგორც სპორტის მასწავლებელი.  ეს არ არის ერთი სკოლის პრობლემა, ეს სრულიად საქართველოს პრობლემაა.

განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს წერილობით მივმართე, დაინტერესდეს ამ საკითხით,  ვინაიდან ეროვნულ გეგმაში ჩადებულია ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. გეგმა ძალიან კარგად არის დაწერილი და ზრუნავს ბავშვების ჯანმრთელობაზე, მაგრამ არ ხდება მისი ზუსტად შესრულება. ეს არის ჩემი შეშფოთების მიზეზი.  უფრო მეტს მასწავლებლის გამოცდაზე ლაპარაკობენ, არადა აჯობებს,  იმ მასწავლებლების გადამზადებასა და დატრენინგებაზე  ფიქრობდნენ, რომ მათ ბავშვებამდე უკეთ  მიიტანონ  თავიანთი ცოდნა და შეძლონ  მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა.

–რატომ ანდობენ ბავშვების ჯანმრთელობას არაპროფესიონალს, რატომ შედის ფიზკულტურის გაკვეთილზე სხვა საგნის მასწავლებელი?

- 1–4 კლასში დაწყებითების მასწავლებლები შედიან და სხვადასხვა საგნებთან ერთად ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებს უტარებენ.  რეალურად კი,  ამ გაკვეთილების ხარჯზე ხდება ქართულის, მათემატიკისა და ბუნების გაძლიერებულად სწავლება, რის გამოც უამრავი ბავშვი ზარალდება. არავინ ამბობს, რომ ეს საგნები და მათი გაძლიერებული სწავლება აუცილებელი და კარგი არაა, უბრალოდ ბავშვები გაკვეთილზე ისედაც უძრავ მდგომარეობაში არიან, მთელი კვირა მერხებთან ზიან მოხრილები, რაც ხერხემლის სწორ განვითარებას აფერხებს.

ბავშვს რასაც ეტყვის მასწავლებელი, იმას აკეთებს. აუცილებელია მასწავლებელი ფორმით მიდიოდეს ფიზკულტურის გაკვეთილზე, რომ მოსწავლეც მომზადებული შევიდეს გაკვეთილზე. ამას დირექტორები ვერ აკონტორლებენ. რადგან, ისინი ყოველდღიურად ვერ გააკონტროლებენ რა ხდება გაკვეთილის მსვლელობის დროს. დაწყებითის მასწავლებელი ფორმას ვერ გამოიცვლის- მისი გაკვეთილი სრულყოფილი ვერც იქნება. არადა, მოძრაობა სჭირდება ბავშვს, მოძრაობაში არის ჭეშმარიტება.  აზროვნება და  გონებრივი ინოვაციები მოძრაობაში მოდის. ეს არ არის კონკრეტული პიროვნებების ბრალი და მათი პრობლემა, ეს გლობალური პრობლემაა, რომლის მოგვარებაზეც ყველამ უნდა ვიზრუნოთ.

–რომელ ასაკამდეა შესაძლებელი ამ დაავადებებთან ბრძოლა და რა პათოლოგიები შეიძლება გამოიწვიოს მერხთან არასწორმა ჯდომამ?

-იმის გამო, რომ ამ გაკვეთილებს სპეციალისტები არ ატარებენ,  მოზარდებს ხერხემლის სვეტის 1–2 ხარისხის გადახრა უვითარდებათ, თუ აქვთ ბრტყელტერფიანობის ნიშნები, ის ბოლომდე ყალიბდება.

პირველი მეექვსე კლასი არის კარგი პერიოდი პათოლოგიებთან საბრძოლველად, მერეც შეიძლება, ვიდრე ადამიანი იზრდება, თუმცა ნაკლებ შედეგს ვიღებთ, თანაც დაგვიანებით.  ხერხემლის გამრუდების ოთხი ფორმა არსებობს, ასევე საგანგაშოა ბრტყელტერფიანობის პრობლემა, ამ ვარჯიშებით შეიძლება ბავშვმა გადალახოს  ეს, რადგან სპეციალისტის სპეციფიკური ვარჯიშებია.

ჩემს ბავშვობაში, სკოლებში  იყო ჯანმრთელობის ჯგუფები, რომლებშიც  პრობლემურ ბავშვებს პედაგოგი გაკვეთილებს უტარებდა, რაც დღეს არ ხდება. ახალი მოდელით, არ უნდა გამოვყოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ასევე ბრტყელტერფიანი, გამრუდების, ოსტეოქონდროზის   და სხვა პრობლემის მქონე ბავშვი, ისე უნდა ჩავატაროთ გაკვეთილი, რომ  ყველა ჩაერთოს. არადა,  განსაკუთრებული  საჭიროების მქონე ბავშვს განსაკუთრეებული გაკვეთილები უნდა უტარდებოდეს, რომ დაძლიოს პრობლემა. ეროვნული გეგმა ძალიან კარგად არის შედგენილი და ის ადამიანი ექიმია, რომელიც ამ გეგმით ასწავლის, თუმცა ასეთი იშვითია დღეს.

–აპირებთ თუ არა ამ თემის გააქტიურებას?

-აუცილებლად გავააქტიურებ ამ თემას და კვლავ მივმართავ სამინისტორს, რომ მოხდეს რეაგირება.  მინისტრმა უკვე დაიწყო საუბარი, რომ ფორმები უნდა იყოს შემოღებული, რაც მისასალმებელია. იმედია მივაღწევთ იმასაც, რომ ყველა კლასში სპეციალისტი შევა და გაკვეთილი თავის ფუნქციას დაიბრუნებს.

–უქმნის თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოების მოცულობა ხერხემლის პრობლემებს ბავშვებს?

კარგი კითხვაა, წიგნების პრობლემა უდიდესი პრობლემაა.  ათ კილოზე ნაკლები ჩანთა ბავშვებს არ აქვთ.   ბავშვი, რომელსაც ჯერ განვითარება არ აქვს დასრულებული, მოიკიდებს მხარზე ჩანთას და უკვე იწყება პრობლემა -  ესაა ერთ–ერთი მიზეზი გამრუდებისა. მოზარდი მთელი დღე  მოხრილი ზის მერხთან, რასაც მძიმე ჩანთები ემატება.

მე, ვიდრე  დარბაზში დავიწყებ გაკვეთილს,  ერთი კვირა აუდიტორიაში ვატარებ თეორიულ სწავლებას, რომ ბავშვმა იცოდეს რას ნიშნავს  ჯანსაღი ცხოვრების წესი,  რატომ არის აუცილებელი ის.  რის შემდეგაც ბავშვისათვის გასაგები ხდება, რომ ის მოძრაობა, რასაც აკეთებს, სასარგებლოა  და პატარაობიდანვე იწყებს ზრუნვას საკუთარ  ჯანმრთელობაზე.   ამაში უნდა ჩაერთოს სამინისტრო, სკოლა, მასწავლებელი, მშობელი, რომ მივიღოთ ჯანსაღი მომავალი თაობა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა