"უმცირესობებს იცავენ და მეორეს მხრივ, ბარიერს ემხრობიან"- თემურ ცამციშვილი
ის ჯგუფებს, რომლებიც, ერთის მხრივ, უმცირესობებს იცავენ და მეორეს მხრივ, ბარიერს ემხრობიან, მოუწევთ დაფიქრება, - აცხადებს პ.გ. "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი. ის ნულოვან ბარიერს ემხრობა და მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე სამართლიანი ბარიერია.
"არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის საუკეთესო გზა და მნიშვნელოვანი მიღწევაა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ეს იყო საზოგადოებრივი დაკვეთა, რომ მომავალში მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი. რაც შეეხება ბარიერს, ეგრედ წოდებული ნულპროცენტიანი, ანუ ბუნებრივი ბარიერი, არის ყველაზე სამართლიანი და პოლიტიკური პროცესების პარლამეტში გადატანის საუკეთესო საშუალება. ის მოსაზრება, რომ ხელოვნური ბარიერის შემოღებით შევძლებთ პარლამენტი დავიცვათ არასასურველი პოლიტიკური ძალებისაგან, რბილად რომ ვთქვათ, ტყუილია, ასეც რომ არ იყოს, წარმომადგენლობით დემოკრატიას აქვს თავისი ფასი და წესები, სასურველია ამ წესებით თამაში... ის ჯგუფები, რომლებიც, ერთის მხრივ, იცავენ უმცირესობებს და მეორეს მხრივ ბარიერს ემხრობიან, მოუწევთ დაფიქრება, რომ ამით ისინი კარგავენ შანსს თავიანთი წარმომადგენლის პარლამენტში ყოფნისას. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, თითქოს პრორუსულად განწყობილი პარლამენტარების რიცხვი გაიზრდება, მოქმედ პარლამენტში უკვე გვყავს ასეთი პარტია და პარლამენტარებიც, რომელთაც 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გააჩნიათ და ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია. პარლამენტში უნდა ისმოდეს ყველას ხმა", - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
შეგახსენებთ, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების ინიციატივის განხილვა გრძელდება. ამ ინიციატივის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. განსხვავებული პოზიცია აქვს გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც 3 % -იან ბარიერს ემხრობა.
ავტორი: ირინა მაკარიძე