|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უნივერსიტეტში და მერიაში მუშაობენ, როდის ასწრებენ ლექციების ჩატარებას?"

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი ნატო ქათამაძე წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სწავლების ხარისხით ინტერესდება. მისი განცხადებით, უნივერსიტეტის პროფესორები ამავდროულად მერიასა და  ააიპებში არიან დასაქმებული. ქათამაძე აქცენტს მათ სრულ შტატზე აკეთებს და აცხადებს, რომ შეუძლებელია, ადამიანმა ფიზიკურად მოახერხოს კვირაში 15 ლექციის წაკითხვა და ამავდროულად სრულყოფილად იმუშაოს თანამდებობაზე. 

"უნივერსიტეტში, სადაც აკადემიურ თანამდებობაზე ჰყავთ პირები, რომლებიც ამავდროულად ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არიან მერიის სხვადასხვა სტრუქტურებში, საინტერესოა, როდის ასწრებენ, ან ლექციების ჩატარებას (კვირაში მინიმუმ 15 ლექცია), ან იმ თანამდებობით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებას, სადაც 1000-დან 2000 ლარამდე ხელფასს იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 
ისმის კითხვა, ვის ატყუებს ეს ხალხი, უნივერსიტეტს თუ მერიას? რადგან სრული შტატით ორივე სამსახურში გონებრივად რომც შეძლონ, ფიზიკურად ვერ შეძლებენ ყოფნას... (არ ვსაუბრობ მიწვეულ პროფესურაზე, რომელთაც 2-3 ლექცია აქვთ კვირაში) მერე ვწუწუნებთ, განათლების სისტემაში პრობლემებიაო... გამგები გაიგებს", -წერს ნატო ქათამაძე.

"ნიუპრესი" დაინტერესდა, წერეთლის უნივერსიტეტის რამდენი თანამშრომელი მუშაობს პარალელურად მერიასა და მის უწყებებში. 

მერიამ პერსონალური ინფორმაციის მოტივით, ინფორმაცია არ მოგვაწოდა. თუმცა, გაუგებარი მიზეზით,  ინფორმაცია არც ამ თანამშრომელთა  რაოდენობის შესახებ მოგვაწოდა.

"თქვენი მომართვა, თუ რამდენი თანამშრომელი ირიცხება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში და მის დაქვემდებარებულ ააიპ-ში, რომლებიც ამავდროულად ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობენ (სახელობითი სიისა და დაკავებული პოზიციების მითითებით) შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და მოკლებული ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. რაც შეეხება თანამდებობის პირებს, გაცნობებთ, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ჭიღვარია ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში"-ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

წერეთლის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა კი განმარტა, ადმინისტრაციას არ აქვს მონაცემები მათი თანამშრომლების სხვა სამსახურში მუშაობის შესახებ, გარდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისა. 

მათივე განმარტებით, წერეთლის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ის ასოცირებული პროფესორია. მერიის ორი ააიპის ხელმძღვანელი, ასევე  წერეთლის უნივერსიტეტში საქმიანობს. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გია ქობალიანი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, რაც შეეხება ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველს დავით წიტაიშვილს, ის ასისტენტ-პროფესორია.

უნივერსიტეტიდან მოხვდა მერიის კულტურის ააიპში მმართველის მოადგილედ მაყვალა (ბაია) კოღუაშვილი. ასევე უნივერსიტეტში მუშაობენ მერიის სხვა თანამშრომლებიც.  წერეთლის უნივერსიტეტის თანამშრომლების მერიასა და მის უწყებებში დასაქმება თავის დროზე მერთან მეგობრობას დაუკავშირეს. წინა საარჩევნოდ მერის კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული დავით წიტაიშვილი, მან ბურჯანაძის პარტია სწორედ გიორგი ჭიღვარიას გამო დატოვა. რაც შეეხება სხვა პირებს, ისინი პოსტებზე პერიოდულად დაინიშნენ. 

ყოფილი კოლეგის პათოსს არ იზიარებს ბაგა-ბაღების გაერთიანების მმართველი დავით წიტაიშვილი. მისი განცხადებით, ის უნივერსიტეტში სრულ შტატზე არ მუშაობს და არსებული საათები ხელს არ უშლის გაერთიანებაში სრულყოფილ მუშაობაში.

"ჯერ ერთი, რომ არ ვარღვევ საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, მეორეც, მე არ ვარ სრულ შტატზე, მხოლოდ სამი საათი მაქვს კვირაში და ეს ნამდვილად არ აფერხებს ჩემს მუშაობა ბაგა-ბაღების გაერთიანებაში, ამიტომ ნატო ქათამაძეს ამ შემთხვევაშიც ვერ დავეთანხმები"-განაცხადა დავით წიტაიშვილმა.

 საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა გია ქობალიანმა უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ ამ თემაზე თავად ნატო ქათამაძეს დაელაპარაკება.

"კანონი წაიკითხოს მაგან საჯარო სამსახურის შესახებ, მაგას რომ შევხვდები თვითონ ვეტყვი, როგორ ვახერხებ მუშაობას, მას არ ჭირდება ჩემზე ჟურნალისტებთან საუბარი"-განაცხადა გია ქობალიანმა. მან საუბრის გაგრძელებაზე უარი თქვა და განმარტა, რომ საჭესთან ზის და ვერ ისაუბრებს. 

რაც შეეხება პერსონალურ ინფორმაციას, იურისტების განმარტებით, პერსონალური ინფორმაციის შესახებ კანონი აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის სახელსა და გვარზე, თუმცა ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია დაკავებულ პოზიციაზე და თანამშრომელთა რაოდენობაზე, შეზღუდვა არ მოქმედებს და მერიას შეეძლო ინფორმაცია მოეწოდებინა.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა