ვემსახურები ჩემს სამშობლოს და არა მტერს, ან მტერთან კოლაბორაციაში მყოფ ხელისუფლებას - ალიმი ხერხაძე
ვემსახურები ჩემს სამშობლოს და არა მტერს ან მტერთან კოლაბორაციაში მყოფ ხელისუფლებას - ამის შესახებ ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი თანამშრომელი, ალიმი ხერხაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს საჯარო სამსახურიდან „რეორგანიზაციის“ საბაბით, გაათავისუფლეს, რეალური მიზეზი 2024 წლის ნოემბერში, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულ პეტიცია გახდა, რომელსაც ხელს აწერდა.
„ვემსახურები ჩემს სამშობლოს და არა მტერს ან მტერთან კოლაბორაციაში მყოფ ხელისუფლებას, რომლის ცინიზმი ისეთივეა, როგორიც რუსული ოკუპაცია. 2008 წლის ომში საქართველოს ადანაშაულებენ (თავადაცვითი ოპერაცია არ იყო, როგორ გაბედეს და შეუტიეს ოკუპანტებსო) და უტიფარი სახეებით რამდენიმე დღეში დიდგორობას ზეიმობენ.
რეორგანიზაცია 2.0 - 8 წლის შემდეგ, შედეგი ისევ საჯარო სამსახურიდან განთავისუფლება.
სინდისის, საკუთარი მორალის ხმაა ყველაზე ძვირფასი და ყველაზე საშიშიც - რისიც უნდა ეშინოდეს ადამიანს. საკუთარი სინდისის კარნახით შევუერთდი 2024 წლის ნოემბერში, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულ პეტიციას და სამსახურში დამხვდა უკვე ამბავი, რომ პეტიციას მოვაწერე ხელი.
მინდა, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდეს რუსული წუმპიდან, გადაწყვეტ მომენტში შესაძლებლობების გაშვების მოჯადოვებული წრე უნდა გავარღვიოთ.
ეს ქვეყანა უნდა დაბრუნდეს თავის ისტორიულ ოჯახში!
კეფაზე ვგრძნობდი სუნთქვას. ვგრძნობდი, რომ მიახლოვდებოდა ეს დღე და მაისიდან ოთხჯერ გადაწიეს რეორგანიზაცია, თუმცა ემოციურად მომზადება მოვასწარი, რასაც ვერ ვიტყვი ჩემს დანარჩენ თანამშრომლებზე, რომლებსაც არაადამიანურად მოექცნენ, სახტად დატოვეს რამდენიმე ათეული ადამიანი.
მაბედნიერებს საკუთარი სიმართლის შეგრძნება. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებები პირადი კეთილდღეობით ნაკარნახევი ქმედებები არასოდეს ყოფილა.
მორალით ნაკარნახევი გადაწყვეტილება მგონია ის, რისთვისაც ღირს ეს ერთი ამოსუნთქვა ცხოვრება.
რუსულმა ,,ხელისუფალმა" ჩვენი გონების ოკუპაციაც სცადა და ერი, რომელიც სისხლითა და ბრძოლით გადავრჩით, მტერთან წინააღმდეგობის გაწევისთვის თავს გვადანაშაულებინებენ. გენეტიკურ დონეზე ახშობენ ჩვენში ეროვნულობას, წინააღმდეგობის უნარს და საკუთარი ქვეყნის ფუნქციაზე ფიქრის საშუალებას გვართმევენ. სამაგიეროდ, გვეუბნებიან, რომ ერთადერთი ასპარეზი, სპორტია - სადაც შეიძლება ქარულმა დროშამ იფრიალოს. ჟონგლიორ, მეორე ხარისხოვან, ეგზოტიკურ ერად უნდათ გვაქციონ.“ - წერს ალიმი ხერხაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ავტორი: