ვინ აპირებს ქუთაისის მაჟორიტარობისათვის ბრძოლას?
ქუთაისის ახალი საარჩევნო ოლქები ცნობილია. ამჯერად ინტერესის საგანს მომავალი მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა წარმოადგენს.
უკვე ცნობილია, რომ საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძე ქუთაისის მაჟორიტარობისთვის "რესპუბლიკელების" სახელით იბრძოლებს.
"ქართული ოცნების" სახელით სურს ქუთაისის ერთ–ერთი მაჟორიტარი გახდეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ომარ ნიშნიანიძეს, რომელიც უკვე საუბრობს თავის გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, აქვს პრეტენზია იყოს მაჟორიტარი.
"მაქვს პრეტენზია, რომ მე ვიყო, ქუთაისის 47-ე ადგილობრივი ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი. მით უმეტეს, რომ ქუთაისს საარჩევნოდ ჩემი მშობლიური სოფლები გოდოგანი, ნაგარევი და კვახჭირი შეუერთდა", –აცხადებს ნიშნიანიძე.
მისი შესაძლო მაჟორიტარობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს ქუთაისის მერი. შოთა მურღულიამ აღნიშნა, რომ ის თავის თანამდებობით კმაყოფილია, თუმცა არ გამორიცხა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, მმართველი გუნდის შეთავაზებას დათანხმდეს, რადგან თვლის, რომ ის გუნდური მოთამაშეა და სადაც მის გუნდს დაჭირდება, იქ იქნება.
მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრება ასევე იმერეთის ვიცე–გუბერნატორი პაატა ნადირაძეც. ნადირაძე აცხადებს, რომ მას ამ დროისთვის მაჟორიტარობაზე "ქართული ოცნებისგან" შეთავაზება არ მიუღია, ამავდროულად ადასტურებს, რომ არის მმართველი გუნდის წევრი და სადაც გუნდს დასჭირდება, იქ გააგრძელებს საქმიანობას.
"ჩემთვის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობა პარტია "ქართულ ოცნებას" არ შემოუთავაზებია. ვარ გუბერნატორის პირველი მოადგილე და მაკისრია დიდი პასუხისმგებლობა. ასევე ვარ "ქართული ოცნების" გუნდის წევრი და სადაც გუნდს დავჭირდები იქ გავაგრძელებ საქმიანობას"–განაცხადა პაატა ნადირაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.
რაც შეეხება მოქმედ მაჟორიტატს, გუბაზ სანიკიძეს, ცნობილი არაა, ის ისევ შეეცდება თუ არა ქუთაისელთა მხარდაჭერის მოპოვებას. ამჯერად ქუთაისს საკანონმდებლო ორგანოში სამი მაჟორიტარი ეყოლება. ცნობილია, ახალი სამაჟორიტარო ოლქების განლაგებაც.
როგორია პოლიტიკური პარტიების სამზადისი, არჩევნებამდე 7 თვით ადრე, აღნიშნულის შესახებ ვრცელ სტატიას "ახალი გაზეთი" შემოგთავაზებთ.
ფოტო- ლაშა გაბუნია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















