|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის ანგარიშზე იწერება "პოლიტიკური ბონუსები"?

"ახალი პოლიტიკური ცენტრი–გირჩი" ქუთაისში არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას აპროტესტებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავტოქარხნის დასახლების შესასვლელში დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის გზის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ქუთაისში არსებული მდგომარეობა გაუაზრებელი და არასწორად დაგეგმილი სამუშაოების შედეგია.

"ამ მონაკვეთის გავლა თითქმის შეუძლებელია, შესასვლელით სარგებლობს ასევე საბავშვო ბაღი და სკოლა. ერთი დასახლების მაგალითით კარგად ჩანს, თუ რა მდგომარეობაა ქალაქში ინფრასტრუქტურის მხივ. ეს არის შედეგი გაუაზრებელი და არასწორად დაგეგმილი სამუშაოებისა. ადგილობრივი თვითთმართველობა, ალბათ, რეალური პრობლემების მოგვარებას წინასაარჩევნოდ ფასადურად შეუდგება",–აცხადებს ცამციშვილი.

"ახალბედა ოპონენტებს" საკითხის უკეთ შესწავლას ურჩევენ მერიაში და აცხადებენ, რომ "გირჩის" წევრები იმ საკითხებით ცდილობენ პოლიტიკური ბონუსების დაწერას, რაც სინამდვილეში მთავრობის ანგარიშზეა.

"პოლიტიკურ ცენტრ ,,გირჩს" გვინდა ვურჩიოთ, რომ ქუთაისში არსებული ქუჩების სახელები დააზუსტონ და შემდეგ გაავრცელონ განცხადებები. მათ მიერ გადაღებულ ფოტოებზე ხარებავას ქუჩაა, რომელსაც თემურ ცამციშვილი ავტოქარხნის დასახლების შესასვლელს უწოდებს. ხარებავას ქუჩის დაზიანებული ნაწილი მიმდინარე წელს კეთდება. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ქუთაისში აანონსებს ისეთ პრობლემებს, რომელსაც ქუთაისის მერია მიმდინარე წელს ისედაც აგვარებს. ასევე თვითმართველობის მიერ შესრულებულ სამუშაოს თავისი აქტივობებით ხსნის. გვინდა მოვუწოდოთ ახალბედა ოპონენტებს, რომ ეს ძველი და გაცვეთილი მეთოდია. შესაბამისად, უხერხულია იმ საქმიანობაში „პოლიტიკური ბონუსების“ მიღება, რაც სინამდვილეში მთავრობის ანგარიშზეა", – აცხადებენ თვითმმართველობაში.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი