|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის გუნდს წარმოადგენთ და რა გზას ირჩევთ? - არჩილ გეგენავა დავით ერემეიშვილს ღია წერილით მიმართავს

ვის გუნდს წარმოადგენთ და რა გზას ირჩევთ? - ამ კითხვით  ქუთაისელი ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი არჩილ გეგენავა ქუთაისის მერობის შემსრულებელსა და ქალაქის მერის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს დავით ერემეიშვილს კითხვით მიმართავს.  

გეგენავა ღია წერილს სოლიალურ ქსელში ავრცელებს 

„ჩემი და შენი მეგობრობის შესახებ თითქმის მთელმა ქალაქმა იცის (ყოველ შემთხვევაში ვინც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და გადაკვეთა გვაქვს არც თუ ისე ცოტა არის ასეთი) და სწორედ ამიტომ მივეცი თავს უფლება, რომ როგორც ჩემთვის „უპასუხისმგებლო გუნდის" კანდიდატს, ქუთაისის მერობის პოზიციაზე მოგმართო. ჩემთვის ღირსების ტოლფასი ქალაქის მერობისთვის მსურველს დაგისვა მწვავე კითხვები, რომელთა პასუხიც მაინტერესებს.
ამ შემთხვევაში გესაუბრები არა როგორც მეგობარს – დათო ერემეიშვილს, რომელთანაც დიდი ხანია მეგობრობა მაკავშირებს, არამედ როგორც მერობის კანდიდატ დავით ერემეიშვილს.
არასდროს დამავიწყდება ერთ-ერთი შეკვეთილი და ხოტბა შესხმული, „ფულგადახდილი“ ბლოგი, წინა გადამდგარ მერზე, რომელსაც გვაცნობდნენ როგორც კარგი ოჯახის შვილს, პასუხისმგებელ ქუთაისელს და საკუთარ ქალაქზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს. სწორედ ამ იარლიყით მოვიდა მერობის თანამდებობაზე და შედეგი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ: ქალაქის მერობიდან მისი ჩამოშორება, მუშაობის დროს კი მან ხალხისთვის მნიშვნელოვანი ვერაფერი შექმნა და ვერაფერი გააკეთა.
სურვილი მაქვს, რომ ფსევდო-PR არასოდეს იყოს ქუთაისის მერობის კანდიდატების მთავარი კოზირი. ასევე, ფულით შექმნილი იმიჯი არ უნდა იქცეს სტანდარტად იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც უკვე დიდი ხანია ატყუებს ის გუნდი, რომლის წარმომადგენელიც თქვენ ხართ, ყოველთვის უნდა იყო ხალხის მერი დ არა პარტიის დავალების შემსრულებელი.
 ამ მაგალითს შეგნებულად ვიხსენებ, რადგან დღეს, როცა წარდგებით პოლიტიკურ ასპარეზზე, აუცილებელია მოქალაქემ მკაფიოდ იცოდეს თქვენი პოზიციები. ვიმეორებ - მე არ გეკითხებით როგორც მეგობარს, არამედ როგორც პოლიტიკურ ფიგურას და პარტიის წარმომადგენელს.
 ამ წერილს ვწერ იმიტომ, რომ საზოგადოებამ დაინახოს სწორად – ვის გუნდს წარმოადგენთ და რა გზას ირჩევთ.
ერთ მხარეს დგას გუნდი, რომელმაც ქუთაისს არაფერი გაუკეთა:
გელათი „დაუნგრია“
ბაგრატის ნგრევას და წყლისგან ლპობას შეგნებულად უწყობენ ხელს. გასულ წელს ვიდეო და ფოტო ფაქტების დადების შემდეგ კულტურის იმ დროინდელმა მინისტრმა, რომელსაც კულტურასთან არაფერი საერთო ქონდა, ვრცელი წერილიც მოგვიძღვნა და პოლიტიკურად ანგაჟირებული აქტივისტიც კი მიწოდა ჩემს მეგობართან ერთად.
ქალაქში მნიშვნელოვანი ნაგებობები ნგრევის პირასაა
მათ შორის – რიონის პირა სახლები, რომელთა რეაბილიტაციის დაპირებაც წინა წლებში მივიღეთ ერთ-ერთი გადაყენებული მერის დროს
საერთო ჯამში, ამ გუნდმა ქალაქს ღირსება და ფუნქცია ფაქტობრივად დაუკარგა.
მეორე მხარეს დგას ქალაქი, რომელსაც ქვია ქუთაისი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ იბრძოლა, ამავე დროს სიმბოლოა ერთიანი საქართველოსი და ადგილი, სადაც დიდმა დავითმა, აღმაშენებელმა, მტრის წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყებად ქვეყანა მოამზადა. ასევე არ შემიძლია არ გავიხსენო სოლომონ მეორეს დაწყებული ბრძოლა რუსი „ერთმორწმუნე“ მტრების წინააღმდეგ.
 ამ ფონზე, როგორც ამომრჩეველს და მოქალაქეს, მაქვს რამდენიმე პრინციპული კითხვა:
2008 წელს ომი ვინ დაიწყო – რუსეთმა თუ საქართველომ? რა არის თქვენი პოზიცია?
გორის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებაზე „ქართული არმია ხულიგნები არიან“ – რას ფიქრობთ? არ გიჭირთ იმავე გუნდში ყოფნა, სადაც ასეთი განცხადებების და მტრული ფიქრების მთქმელი ავტორებიც არიან?
რას ფიქრობთ იმ უსამართლო ქმედებებზე, რასაც ქართული პოლიცია ჩადის და პოლიტიზირებულ გადაწყვეტილებებს ღებულობს უსამართლო სასამართლოსთან ერთად? მათ შორის, ჩემს კონკრეტულ შემთხვევაზე, როცა უსამართლოდ დამაჯარიმეს, წინა დღით, უკვე ყოფილმა, გადაყენებულმა - მერმა განცხადება გააკეთა შეურაცხყოფა მომაყენესო და მე დამაჯარიმეს იმის გამო რომ, თითქოს ხალხს უშვერი სიტყვებით მივმართე, არადა ის "გასაგნებული პოლიტიკოსი" „ხალხი“ არაა და "მთხლე" ზედგამოჭრილი ეპითეტი იყო იმ დღეს მისთვის.
პარლამენტის ქუთაისში დატოვება – თქვენთვის რა მნიშვნელობის საკითხია? რას სთავაზობთ ქალაქს რეალურად, გარდა „მითიური“ დაპირებებისა, რაც წარსულში ბევრჯერ მოვისმინეთ ამ შენობასთან დაკავშირებუთ?
მერად არჩევის შემთხვევაში – რამდენად იქნებით დამოუკიდებელი? შეძლებთ თუ არა პარტიის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას, თუ ქუთაისის განვითარება პარტიის წინააღმდეგობას მოითხოვს?
ქუთაისი „ქართული ოცნების“ ხელში მეორე ქალაქის სტატუსიდან მეოთხე ქალაქად „ჩამოაქვეითეს“, ხვალ შეიძლება მეხუთეც გახდეს. რას ფიქრობთ ამ ტენდენციაზე და რა ხედვა გაქვთ ქალაქის სტატუსისა და მნიშვნელობის აღსადგენად?
არასდროს მომისმენია თქვენი პოზიცია გელათზე. მესმის, ეს თქვენთვის შესაძლოა მძიმე თემა იყოს, მაგრამ როგორც ქართველმა, როგორც დავითმა და როგორც ქუთაისელმა – რა აზრი გაქვთ იმ მდუმარებაზე, რომელიც გელათის ირგვლივ სუფევს? და როგორ აფასებთ იმას, რაც თქვენს გუნდს დაუკავშირეს?
როგორ წარმოგიდგენიათ – რამდენად სწორია, კიდევ ერთი გადაყენებული მერის ისევ პოლიტიკაში შემოყვანა და საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენა? იმ მერის, რომელიც იმავე გუნდმა უარყო და რომლისთვისაც ქუთაისის ფუნქციური განვითარება პარტიულ სტრატეგიას ემსხვერპლა?
ბატონო დავით, მე ვერ გისურვებთ წარმატებას ისე, როგორც გისურვებენ ისინი, ვინც მლიქვნელობით რაღაცის მოლოდინშია.
წარმატებას ვერ გისურვებთ, რადგან ეს წარმატება ავტომატურად ასოცირდება იმ გუნდის " ყალბ წარმატებასთან", რომელმაც მოღალატეობისა და ქუთაისის „მიტოვების“ მეტი არაფერი გააკეთებია.
პიროვნული წარმატება კი – არასდროს მეწყინება თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. იმიტომ რომ მე არ გამიცვნიხართ იმ გუნდის მეშვეობით, რომელსაც ახლა წარმოადგენთ. არასდროს შემრცხვება იმის, რომ თქვენთან კითხვებს ვსვამ როგორც პოლიტიკოსთან და არა როგორც მოქალაქესთან.
ჩემი ღია წერილით, რა თქმა უნდა, აღშფოთდებიან უსახელო, უგვარო, უსახური „ტროლ-ბოტებად“ მომუშავე საჯარო მოხელეები და არაფრები, რომელთათვისაც ნაკლებად ცნობილია ჩემი და თქვენი ურთიერთობა როგორც ადამიანებს შორის. მაგრამ თქვენთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, იმედი მაქვს ეს ტექსტი მაინც გახდება დაფიქრების მიზეზი.
არ ველი არავისგან არაფერს – სიმართლისა და გულწრფელობის გარდა.
ერთი რამ კი ფაქტია: ეს წერილი აუცილებლად გახდება განხილვის საგანი შიდა ჩატებში და გამაღიზიანებელი მათთვის, ვისთვისაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და ვინც პროჭორვილური პოლიტიკის გამტარებელ რიგებშია". - წერს არჩილ გეგენავა სოციალურ ქსელში. 

ავტორი: