"ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს"
გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო. აქვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ფონდიდან 55ათას ლარს გამოყოფს, რომელიც ერთჯერადი დახმარების სახით გადაეცემა 9 აპრილს დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებს.
„27 წლის წინ ქართველმა ერმა და მისმა საუკეთესო შვილებმა დაღვარეს სისხლი იმისათვის, რომ 2 წლის მერე საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი. ჩვენ ეს ბრძოლა ღირსეულად გავიარეთ, დამოუკიდებლობიდან ახლა მივდივართ თავისუფლებისკენ, დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც ქართული სულის გამარჯვებას რუსულ ტოტალიტარულ საბჭოთა მანქანაზე და დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც 25 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე.
შეგახსენებთ, რომ 1991 წელს, საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე სსრკ-საგან დამოუკიდებლობა გამოცხადდა, თუმცა საქართველოში დამოუკიდებლობის დღედ ოფიციალურად 26 მაისი აღინიშნება, რაც რუსეთის იმპერიისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების თარიღია.
დამოუკიდებლობის დღედ 9 აპრილის აღნიშვნას თავისი მომხრეები ჰყავს.
ავტორი: ირინა მაკარიძე





13:50
21:51
11:02
16:29
















