წლევანდელი ეროვნული გამოცდები მეორადი ჩარიცხვების გარეშე
აბიტურიენტები, რომლებმაც 2015-2016 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში გადალახეს ბარიერი და უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ, განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრისაგან მეორადი ჩარიცხვების დანიშვნას 27 აგვისტოდან მოითხოვენ. აბიტურიენტებს უსამართლობად მიაჩნიათ, რომ მიუხედავად გადალახული ბარიერისა, უმაღლესი განათლების მიღების საშუალება არ აქვთ. მსგავს მდგომარეობაში 600-ზე მეტი აბიტურიენტია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობა18 000-მდეა, სახელმწიფო მეორად ჩარიცხვებზე უარს აცხადებს.
ანი გელაშვილი ერთ-ერთია იმ 600 აბიტურიენტიდან, რომელიც მეორადი ჩარიცხვის იმედად არის. ანი თბილისში ცხოვრობს, იგი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა. იმის მიზეზად, თუ რატომ არ მიუთითა ჩამონათვალში უნივერსიტეტების მაქსიმალური რაოდენობა და სასურველი უნივერსიტეტების სიაში მხოლოდ 11 სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაწერა, თავის სტატუსს ასახელებს, ამბობს, რომ მისი ოჯახი კერძო უნივერსიტეტებში არსებულ გადასახადს ვერ გადაიხდიდა:
„იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ვარ და კერძო სასწავლებელში, მაღალი საფასურის გამო, ვერ შევძლებდი სწავლას, საერთოდ არ მიმითითებია არცერთი კერძო უნივერსიტეტი. აქ, აქციაზე მდგომი აბიტურიენტების უმრავლესობა, სწორედ, ჩემ დღეშია. არ გვეგონა, თუ ამ ქულებით ვერ ჩავაბარებდით, რადგან საშუალო ქულები გვაქვს“, - ამბობს ანა.
ქულები, რომელიც ანამ ეროვნულ გამოცდებზე აიღო, 50%-ზე მეტია და ასე გამოიყურება: - ქართულში - 72 ქულა, უნარებში - 47, რუსულსა და ისტორიაში - 40-40 ქულა. მისი აზრით, უსამართლობაა ამ შედეგების მიხედვით სწავლის გაგრძელების უფლებას რომ არ აძლევენ:
„დღეს უმაღლეს სასწავლებლებში 18 000 თავისუფალი ადგილია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ჩვენი მოთხოვნაა, თუ თხოვნა, რომ კიდევ ერთხელ მოგვცენ შანსი ამ 600 ბავშვს, რომ ჩვენც მივიღოთ უმაღლესი განათლება. ვიცით, რომ დავაშავეთ, გვქონდა შანსი, შეგვევსო უნივერსიტეტების ჩამონათვალი და არ გამოვიყენეთ, მაგრამ გარეთ დარჩენა საშინელებაა. წარმოიდგინეთ, ეს ერთი წელი, ისევ იგივე უნდა გამოვიაროთ, მომზადების შანსი, ალბათ, აღარც გვექნება, რადგან ეს დამატებით თანხებთანაა დაკავშირებული, სკოლებშიც აღარ დავდივართ, რომ მასალა ასე თუ ისე, თავიდან გავიაროთ, ამიტომ, სავარაუდოდ, იმ ქულებამდეც ვერ მივაღწევთ, რაც წელს ავიღეთ“, - ასე აღწერს უნივერსიტეტებს გარეთ დარჩენილი აბიტურიენტების მდგომარეობას ანა.
მარიამ ვადაჭკორია, სოსო ლაცაბიძე, სალომე ენუქიძე, ანა გელაშვილი და როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, აბიტურიენტთა კიდევ უფრო დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. მათაც, ანას მსგავსად, სასურველი სასწავლებლის ჩამონათვალში მხოლოდ ის უნივერსიტეტები მიუთითეს, სადაც სწავლის გადასახადი 2 250 ლარია და სახელმწიფო ამ თანხას სრულად ფარავს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია –წელს მეორადი ჩარიცხვები არ დაინიშნება. როგორც თამარ სანიკიძემ განაცხადა, მეორედი ჩარიცხვების დაშვებით სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია კანონს არღვევს. მისი თქმით, არ შეიძლება ამან სისტემატური ხასიათი მიიღოს. სანიკიძე ამბობს, რომ მეორადი ჩარიცხვების დანიშვნის შემთხვევაში რანჟირება თავიდან მოხდება და ეს იმ აბიტურიენტების მიმართ იქნება უსამართლო, რომლებიც უკვე მოხვდნენ სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში:
,,წინა წლებში დავუშვით გამონაკლისები, რადგან გვქონდა სიახლე და იყო იმის ალბათობა, რომ აბიტურიენტები კარგად არ იყვნენ ინფორმირებულები. თუმცა, არ შეიძლება გამონაკლისმა მიიღოს სისტემატური ხასიათი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, აიწონ-დაიწონა ყველა რისკი, რომელიც დაკავშირებული შეიძლება იყოს მეორადი ჩარიცხვების შესაძლებლობასთან, გაითვალისწინეს არა მხოლოდ ერთი კატეგორიის სტუდენტების მოთხოვნები და მიღებულია საერთო გადაწყვეტილება. არავითარი მიზეზი არ გვაქვს წინ აღვუდგეთ ამ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
იმავე პოზიციას იზიარებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი. მისი თქმით, წინა წლებში არ იყო გათვალისწინებული იმ აბიტურიენტების ინტერესები, რომლებიც ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა სარეიტინგო სია და უნივერსიტეტი არასწორად ჰქონდათ შედგენილი და სწავლის გადასახადის გადაუხდელობის გამო სწავლა ვერ გააგრძელეს. მიმინოშვილის ინფორმაციით, გასულ წლებში ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა 500-ს აჭარბებდა, თუმცა, მათ მეორადი ჩარიცხვებით ვერ ისარგებლეს:
„არც შარშან და არც შარშანწინ არ იყო ჩვენი ორგანიზაცია ამის მომხრე, პირიქით, ჩვენ წინააღმდეგებიც ვიყავით. თუმცა, მინისტრმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რასაც ჰქონდა ლოგიკური საფუძველი. როგორც მაშინ თამარ სანიკიძემ ახსნა, ეს იყო პირველი წელი, როდესაც არჩევითი სისტემა შევთავაზეთ აბიტურიენტებს და გამონაკლისის დაშვება შეიძლებოდა. ვთვლი, რომ შარშან და 2013 წელსაც, მეორადი ჩარიცხვების გადაწყვეტილება უსამართლოდ იყო მიღებული. იმდენად, რომ მხოლოდ ერთი კატეგორიის აბიტურიენტების ინტერესები იყო გათვალისწინებული“,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა შესაძლო მეორადი ჩარიცხვების საკითხი 30-მდე უნივერსიტეტის რექტორთან განიხილა. როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორები აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესი მათთან, ფაქტობრივად, უკვე დაწყებულია და მეორადი ჩარიცხვები, ტექნიკურად, შეუძლებელი იქნება.
„ეს არის ლოგიკური დასრულება იმ მომენტისა, რასაც ხანდახან იურიდიულ კაზუისტიკაშიც კი გადავყავართ, როცა მეორად ჩარიცხვებზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა.
საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი მანანა სანაძე მეორადი ჩარიცხვების დანიშვნას კანონდარღვევად მიიჩნევს:
„მეორადი ჩარიცხვები ვერ განხორციელდება. ეს ტექნიკურად ფაქტობრივად შეუძლებელია. 2200 პირველკურსელი გვყავს და ვერ დავუშვებთ, რომ 600 აბიტურიენტის გამო სრულად დაგვენგრეს სასწავლო პროცესი. ყველა უნივერსიტეტის რექტორი შევთანხმდით, რომ ახლა მეორადი ჩარიცხვებიშ ეუძლებელია. არ დავარღვევთ კანონს და მეორადი ჩარიცხვები არ იქნება. იმიტომ, რომ კანონის მიხედვით, ეს არ უნდა მოხდეს“.
“ეს ბავშვები არ უნდა ჩაირიცხონ, სწავლის გადადება გამორიცხულია. სასწავლო პროცესი უკვე დავიწყეთ. ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ ასეთ პრაქტიკაზე, ბავშვებმა თავიანთ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ულიმიტოდ შემოეხაზათ უნივერსიტეტები და არ შემოხაზეს”, - ამბობს კახა შენგელია – კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
7 სექტემბერს აბიტურიენტებმა მეორადი ჩარიცხვების დაშვების თხოვნით პრემიერ მინისტრს წერილობითი ფორმით მიმართეს. აბიტურიენტთა ნაწილი საკითხის გადაწყვეტას სასამართლოს გზით აპირებს. მათი მხრიდან სამართლებრივი დავის დაწყების მიუხედავად, განათლების მინისტრი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს. თამარ სანიკიძე უმაღლეს სასწავლებლებს გარეთ დარჩენილებს მომავალი ეროვნული გამოცდისთვის მომზადებას, მანამდე კი სწავლის პროფესიულ კოლეჯებში გაგრძელებას ურჩევს.
ავტორი: თამარ კურატიშვილი