წლის ბოლომდე ავტომანქანების პარკირება უფასო იქნება
მიმდინარე წლის ბოლომდე ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ პარკირების ადგილებზე ავტომანქანების პარკირება უფასო იქნება. ამის შესახებ ქუთაისის მერიაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადეს. ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის, პაატა კლდიაშვილის განცხადებით, ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულმა შპს "პარკინგსერვის"-მა ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილების თანამედროვე სისტემის შესაბამისად მოწესრიგება დაიწყო, რის გამოც პარკირების ადგილებზე არსებულ მოიჯარეებს ვადაგასული იჯარის ხელშეკრულებები გაუუქმდათ.
"უახლოეს დღეებში ქალაქში აქტიურ რეჟიმში დაიწყება ორგანიზებული პარკირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ქალაქის ტერიტორიაზე პარკირება იქნება უფასო და არავინ იქნება ვალდებული, გადაიხადოს პარკირების გადასახადი წლის ბოლომდე. მომდევნო წლიდან კი პარკირების გადასახადის გადახდა ცივილური მეთოდებით მოხდება," - აღნიშნა კლდიაშვილმა.
ქუთაისში პარკირებისთვის 274 ადგილია გამოყოფილი, სადაც გათვალისწინებულია ტაქსების და შშმ პირებისა ავტომანქანებისათვის პარკირების ადგილები.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით "ნიუპრესი" ავტომობილის მძღოლებსაც გაესაუბრა. მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება კარგია, თუმცა ქალაქში უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი.
"პარკირების მოწესრიგება კარგია, მაგრამ ჯერ შუქნიშნები მოაწესრიგონ, ყველა შუქურა ერთდროულად რომ ინთება. საშინელი მდგომარეობაა ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე. რაც შეეხება პარკირებას, კარგია, თუ რეალურად მოწესრიგდება",- განაცხადა ტარიელ გოდუაძემ.
პარკირების გადასახადი წლიურად 40 ლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის მძღოლი წესებს არ დაემორჩილება, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















