„ხადორის 3"- ჰესი, რომლის აშენების მცდელობას პანკისში დაპირისპირება მოყვა
პანკისის ხეობაში დრამატულად განვითარებულ მოვლენებს წინ ინვესტორ კომპანიასა და ადგილობრივებს შორის ხანგრძლივი დაპირისპირება უძღვოდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობას შპს "ფერი" აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლის ლაშა იორდანიშვილის მტკიცებით, ეს არის გარემოზე ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანი ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც სათაო ნაგებობაც კი არ გააჩნია. კომპანია გეგმავდა ასევე ხეობაში სოციალური პროექტების განხორციელებას.
ჰესის სამშენებლო სამუშაოების პირველად 28 ივნისს დაიწყო, თუმცა მაშინაც უშედეგოდ დასრულდა. მეორე დღეს პანკისის მცხოვრებლები შეიკრიბნენ და ტრაქტორისტს მილსადენის მშენებლობის სამუშაოების შეწყვეტა მოსთხოვეს. აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ტრაქტორისტმა აქციის მონაწილეთა მოთხოვნა შეასრულა, გათხრა შეწყვიტა და უკვე გათხრილი არხი მიწით ამოავსო.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, 29 ივნისს, ბირკიანში საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდნენ ახმეტის პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და პოლიციის თანამშრომლები. პანკისის სათემო რადიო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ აქციის დროს ან შემდეგ შპს "ალაზანი ენერჯის" თანამშრომლების მიმართ შესაძლო მუქარების ან კანონის დარღვევის ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს.
პანკის-ხადორის ხეობებში 2 ჰესი უკვე ფუნქციონირებს. „ხადორი 2“ შპს „ფერის“ საკუთრებაა, რომლის 96%-ის მფლობელი იოსებ მჭედლიშვილია. კომპანიის დირექტორი მერაბ იორდანიშვილია, რომლის ოჯახის წევრიცაა ლაშა იორდანიშვილი. ეს უკანასკნელი შპს „ალაზანი ენერჯის“ 100 %-ის მესაკუთრეა.
სწორედ „ალაზანი ენერჯის“ აქვს „ხადორი 3“-ის მშენებლობის ნებართვა სოფელ ბირკიანში. მესამე ჰესის მშენებლობა, ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრშია დაგეგმილი. ჰესისთვის წყლის მიწოდება „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ. მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება.
„ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.
დღეს პანკისის ხეობაში კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან მშენებლობის დაწყების მცდელობას დაპირისპირება და უმართავი პროცესები მოყვა.
ადგილობრივების და პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმების დაპირისპირება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც სიტუაციის განმუხტვისაკენ მოუწოდა, მინისტრის განცხადებით, ადგილობრივების თანხმობის გარეშე ჰესი არ აშენდება.
შსს-ს ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს. 23 პოლიციელი თელავის საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















