|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარვეზები და დარღვევები–როგორ ტარდება ტენდერები ქუთაისის მერიაში?

ქუთაისის მერიამ 2015-2016 წლებში სულ 299 გამარტივებული ფორმის ხელშეკრულება გააფორმა და ამ ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ დაახლოებით 2 208 646 ლარი შეადგინა. 

 ტენდერები ძირითადად ინფრასტრუქტურულია. გზები, სანიაღვერეები, ხიდები, ფასადები და სხვა ობიექტები ტენდერების მეშვეობით რეაბილიტირდება. მთავრობის მტკიცების, რომ ტენდერები ელექტრონულად და გამჭვირვალედ ტარდება, არ სჯერათ  ოპოზიციაში. მათი განცხადებით, ელექტორნული ტენდერი დაცვის სრული გარანტი ვერ არის. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქუთაისში, არღვევს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობა კანონს, ამის შესახებ "ნიუპრესი" საკრებულოს დეპუტატებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა. 

 

ტენდერების პირობებითა და კონკრეტულ პირებზე მორგებადობით წინა ხელისუფლების გამოცდილების გაზიარებაზე საუბრობს  საკრებულოს „ლეიბორისტი“ დეპუტატი. სამსონ გუგავას განცხადებით, ხელისუფლება წინამორბედის გამოცდილებას იზიარებს, რაც   ტენდერებში მათთან დაახლოებული კომპანიების გამარჯვებას გულისხმობს.

„კონკრეტულად არ ვადევნებ თვალყურს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს და დეტალურად არ მაქვს შესწავლილი, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება არის შემდეგი:  წინა ხელისუფლების გამოცდილება გადმოაქვთ  იგივე ფორმით. ვითომ დაცული და ელექტორნულია, მაგრამ პირობებით ცხადდება ტენდერი, რომლის შესრულებას მხოლოდ მათივე, ან მათთან დაახლოებული პირების კომპანიები შეძლებენ. რაც შეეხება ხარისხს, ვერ შესრულდება ხარისხიანად. სააკაშვილის დროს ერთმა შემსრულებლმა მითხრა, რომ „ატკატის“ სახით  მოთხოვეს 70%, რაც გულისხმობს იმას, რომ სამუშაოები დარჩენილ თანხაში კარგად ვერ შესრულდება“,–განაცხადა სამსონ გუგავამ.

გუგავასგან განსხვავებით, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს კარგად იცნობს საკრებულოს დეპუტატი ირმა პეტრიაშვილი. მისი განცხადებით, აქტიურ მონიტორინგს უწევს მის სამაჟორიტარო უბანში გამოცხადებულ ტენდერებს.

„ნებისმიერი მაჟორიტარი ადევნებს თვალს მის სამაჟორიტარო ოლქში რამდენი ტენდერი გამოცხადდება და რამდენად კანონიერად მიმდინარეობს სამუშაოები. ობიექტი ვიდრე გამოსაცხადებლად გავა ტენდერზე, მანამდე ვეცნობით. მივდივართ ადგილზე და ამის შემდეგ ვაძლევთ თანმობას. დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როცა კანონდარღვევით  ტარდებოდა სამუშაოები. გამარჯვებულმა მეტი ტერიტორია მიითვისა, ვიდრე მიცემული ჰქონდა.  მოსახლეობასთან ერთად მივედი შემსრულებელთან,  პროტესტი გამოვხატეთ, გავიმარჯვეთ და დავიბრუნეთ ტერიტორია. ყველაზე მეტად ყურადღებას ვაქცევ, არ მოხდეს იმ ტერიტორის გასხვისება, სადაც ხეა, გამწვანებაა. ამიტომ, ზოგადი შეფასებით შემიძლია დავადასტურო, რომ ტენდერებში, განსაკუთრებით ჩემს სამაჟორიტაროში,  რაიმე დარღვევები არ ხდება“, – განაცხადა ირმა პეტრიაშვილმა.

ტენდერების კანონიერება არა, თუმცა ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი გახდა დეპუტატ კახა დვალიშვილის შენიშვნის მიზეზი. „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელმა თვითმმართველობას ტენდერებში გამოცდილების პირობების ჩადება მოსთხოვა. მისი თქმით, კომპანიები დაბალი ანაზღაურების გამო იმ ადამიანებს ქირაობენ, რომლებმაც მშენებლობა არ იციან. ამის გამო კი სამუშაოები უხარისხოდ კეთდება.

კოლეგებისგან განსხვავებით, კონკრეტულ ფაქტებზე საუბარი არ უჭირს და ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს აქტიურად სწავლობს საკრებულობს "ნაციონალი" დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე. მისი განცხადებით, ქუთაისის მერიის შესყიდვები რამდენიმე შემოწმებას გადის და ხარვეზების გარეშე ქვეყნდება, თუმცა დარღვევებია მერიის ააიპებში გამოცხადებულ ტენდერებში. ბრეგაძის განცხადებით, ააიპად გადაკეთებული "სპეციალური სერვისების" მიერ გამოცხადებული ტენდერები დარღვევების თვალსაჩინო მაგალითებია.

"სპეციალური სერვისების" მიერ გამოცხადებული ტენდერები, როგორც მათ მიერ თანხის ხარჯვა, არავისგან კონტროლდება. ააიპის ხელმძღვანელობამ რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა 50 000 ლარის ტენდერი სინთეტიკის ცოცხების შესაძენად. შეიძინეს 500  ცალი ცოცხი, საცალო ღირებულებით 100 ლარი. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ააიპმა ისე გამოაცხადა ტენდერი, უკვე ჰქონდათ ფოტო სასურველი ცოცხის, იცოდნენ, რამდენი ღერო უნდა ჰქონოდა და რა მოცულობის უნდა ყოფილიყო. ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ "სპეციალურმა სერვისებმა" ტენდერი უკვე შეძენილ ცოცხებზე გამოაცხადა.  იცოდნენ, ვის შეიძლებოდა მოეგო ტენდერი და ამიტომაც მოარგეს მის პირობებს. ჩვენ მივწერეთ იტალიურ კომპანიას, რომლის წარმოებულიცაა ცოცხები, მაგრამ არ გვითხრეს მისი საცალო ღირებულება. მოგვთხოვეს განაცხადის გაკეთება ცოცხებზე, ამის მერე გვეტყოდნენ, რა ღირდა ერთი ცოცხი. ეს არაა ერთი მაგალითი, რასაც გელა გაგუას სამსახური ჩადის. მათ ნაგვის ურნების შესაძენად ტენდერი სხვა საიდენტიფიკაციო კოდით გამოაცხადეს, რომ სხვა პირი არ დაინტერესებულიყო. ასევე „სპეციალურმა სერვისებმა" მათ ბალანსზე არსებული დასუფთავების მანქანები გადაიყვანეს გაზზე და მერე მიხვდნენ,  რომ ასე  გაცილებით მეტი იხარჯებოდა, ვიდრე მანამდე  მოიხმარდნენ", –აცხადებს ბრეგაძე.

 მისივე თქმით, აღნიშნულ ხარვეზებზე თვითმმართველობას ინფორმაციას აწვდიან, თუმცა რეაგირება არ ხდება. 

ბრეგაძის ბრალდებას პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობით ხსნიან ააიპში. "სპეციალური სერვისების" დირექტორის გელა გაგუას განცხადებით, ტენდერი დარღვევით ვერ გამოცხადდება, რადგან შესყიდვების სააგენტო ამოწმებს ყველა ტენდერს და შეცდომების შემთხვევაში მათ გასწორებას მოითხოვს. მისივე განცხადებით, სინთეტიკური ცოცხების შეძენა, მას შემდეგ მოხდა, რაც ბუნებრივ ცოცხებზე გამოცხადებული ტენდერი ოთხივეჯერ ჩაიშალა.

"რას ნიშნავს ფოტო საიდან გვქონა, როგორ ფიქრობთ,  ტენდერს რომ ვაცხადებთ, ბაზრის შესწავლას არ ვახდენთ? შევისწავლეთ ბაზარი, ვნახეთ სასურველი ცოცხი და იმის მიხედვით გამოვაცხადეთ ტენდერი. არ დაგვითვლია ღეროების ზუსტი რაოდენობა, დაახლოებით ჩავწერეთ. იმას, რატომ არ ამბობს ბრეგაძე, რომ ძველ, ბუნებრივ ცოცხზე გამოცხადებული ტენდერი რატომ ჩაიშალა და რატომ გახდა საჭირო  ახალი ცოცხების ძიება. აღარ არის მცენარეული ცოცხი და ამიტომ. თან ახალი შენაძენი უფრო იაფი ჯდება, რადგან უფრო გამძლეა და წელიწადში ერთხელ შევიძენთ"–აცხადებს გაგუა. რაც შეეხება ნაგვის ურნებს, მისი განცხადებით, ურნებზე ტენდერი სხვა კოდით არ გამოცხადებულა.

მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს აქტიურად აკვირდება არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო".   ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორის, ზურაბ ზამბახიძის განცხადებით, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ხშირად კანონით დადგენილ ზღვარს ცდება.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ადგილობრივი ტენდერების მიმდინარეობას და ვაფასებთ მათ გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის, ასევე მიზანშეწონილების ასპექტებს. მსგავსი მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ ვინტერესდებით, როგორც სატენდერო პირობებით (ხომ არ არის პირობები მორგებული რომელიმე კონკრეტულ შემსრულებელს), ასევე ვსწავლობთ კონკრეტულ კომპანიებში, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობას ემსახურებიან. ხომ არ იკვეთება ისეთი ადამიანების ფინანსური ინტერესები, რომლებიც დასაქმებულები არიან, ან იყვნენ ადგილობრივ თვითმმართველობაში, ან სხვაგვარად ზღუდავს მათ კანონი. ჩვენ ასევე ვიკვლევთ სახელშეკრულებო პირობებს და მათ მიზანშეწონილობას. ასე მაგალითად, შემიძლია გავიხსენო შპს "ანასტასიასთან" გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით თვითმმართველობამ შეიზღუდა საკუთარი ლეგიტიმური უფლებამოსილება, განახორციელოს ინფრასტრუქტურული სამუშაოები კონკრეტულ სკვერში (იმ ნაწილზე, რომელიც ქალაქის საკუთრებაში დარჩა) კონკრეტულ კერძო კომპანიის თანხმობის გარეშე",–განაცხადა ზამბახიძემ. მისივე თქმით,  ზოგიერთი ხელშეკრულება იმდენად მაღალ თანხებზე არის გაფორმებული, რომ ნამდვილად ცდება კანონით გათვალისწინებულ 5 000 ლარიან ზღვარს.  "მართალია, ხშირ შემთხვევაში, თვითმმართველობას აქვს შესყიდვების სააგენტოს ნებართვა აღნიშნული შესყიდვების განხორციელებაზე, თუმცა, ზოგადად, გამჭვირვალობის კუთხით მიგვაჩნია, რომ თვითმმართველმა ორგანოებმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ გამარტივებული შესყიდვების წილი და გაზარდონ ელექტორონული ტენდერების მაჩვენებელი", –აცხადებს ზამბახიძე. 

აღსანიშნავია, რომ დიდი პროექტები, რომლებიც რეგიონალური განვითარების სამინისტროდან ფინანსდება, ტენდერზე არა ქუთაისის, არამედ სწორედ სამინისტოს მიერ ცხადდება. რეგიონული განვითარების სამინისტრო ერთადერთი უწყებაა, რომელსაც საკუთარი SPA  გვერდი  აქვს. მათ მიერ გამოცხადებული ტენდერებით გაკეთდა ისეთი დიდი პროექტები ქუთაისში, როგორიც გელათის ქუჩის რეაბილიტაციაა (2 მილიონი ლარი) და ნიკეას ქუჩა (7 მილიონი), რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიდის.

რამდენიმე თვის წინ ტენდერებს ახალი პირობა დაემატა, რაც ერთ პირთან მოლაპარაკებას გულისხმობს. აღნიშნული შემსყიდველს უფლებას აძლევს ერთ პირთან აწარმოოს მოლაპარაკება.

ოპონენტების ბრალდებას უსაფუძვლო უწდებენ ქუთაისის მერიაში. ვიცე–მერის კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, გამოცხადებული ტენდერები შესაბამისი სამსახურების მიერ მოწმდება. მისივე თქმით, თუ ვინმეს კანონდარღვევის შესახებ ინფრომაცია აქვს, მიმართოს შესაბამის ორგანოებს.

"ეს უსაფუძვლო ბრალდებები წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ვინმე თუ რაიმე სამართალდარღვევას ხედავს, შეუძლია შესაბამის ორგანოებს მიმართოს. დეპუტატმა უნდა იცოდეს, რომ ყველა შესყიდვა შესაბამისი შემოწმების მერე ცხადდება და არის გამჭვირვალე. რადგან ოპოზიციას კომპეტენცია აკლია, შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ განუმარტავთ",–აცხადებს კონსტანტინე ქავთარაძე.

ცდება თუ არა სამუშოების შესყიდვა კანონმდებლობას, ამის დადგენა აუდიტის და შემდგომ პროკურატურის კომპეტენციაა. შესრულებული სამუშაოების ხარისხის დადგენა კი შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შესაძებელია. რეაბილიტირებულ ქუჩებზე აღმოჩენილი ხარვეზების გამო მერიამ რამდენიმე კომპანიას სამუშაოების ხელახალი ჩატარება დაავალა და ჯარიმაც დააკისრა. ვიდრე ოპოზოცია–პოზოცია ერთმანეთს წინასაარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებს, მოსახლოების პრიორიტეტულ მოთხოვნად სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადებში დასრულება რჩება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა