|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლება ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად იყენებს - მედიაორგანიზაციები

ხელისუფლება ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად იყენებს  - მედიაორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„ჩვენ, საქართველოში მოქმედი ონლაინ მედია ორგანიზაციები, ერთხმად და სასტიკად ვგმობთ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ წამებას, ძალადობას, შევიწროებასა და დაშინებას. 

ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართულად დაესხნენ თავს ტელევიზიებისა და ონლაინ მედიების წარმომადგენლებს. 

ჟურნალისტური საქმიანობისას, სასტიკად გაუსწორდნენ და დააკავეს ჩვენი რამდენიმე კოლეგა, ზოგიერთს გაუსწორდნენ ძალადობის უკიდურესი ფორმით, რომელიც წამებად კვალიფიცირდება .

თავდასხმები, უმთავრესად, ორგანიზებული იყო ფორმალური საპოლიციო ძალების მიერ, მაგრამ ვნახეთ შემთხვევები, როცა ჟურნალისტზე ძალადობდნენ არაფორმალური მარბიელი ჯგუფები, პოლიცია კი ამ ფაქტს თავხედური უმოქმედობით ადევნებდა თვალს. 

ხელისუფლება ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად იყენებს.

სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა კოლეგას, ვისზეც იძალადეს და მათ, ვინც, შექმნილი პირობების მიუხედავად, დიდწილად, დაუცველი აგრძელებს მუშაობას, პირადი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად.  მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტს, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, წვლილი შეიტანონ მედიის თავისუფლების დაცვაში და დაგვეხმარონ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემაში", - ნათქვამია მედიაორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერს ათობით მედიაგამოცემა. განცხადებას უერთდება საინფორმაციო სააგენტო Newpress.ge

ავტორი: ნიუპრესი