|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელისუფლებას არ აინტერესებს, ჭიათურაში რა მოხდება"- დავით ჭუმბურიძე

ერთი შეხედვით, ხელისუფლება ჭიათურასა და ზესტაფონში გასამართი არჩევნების მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენს. განსხვავებით სხვა რეგიონებისა, აქ პარტიის პირველი პირები არ ჩასულან და "ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენა არჩილ თალაკვაძეს ანდეს, რომელმაც მუნიციპალიტეტების სახელებიც კი აურია.

"ზესტაფონად" მონათლული ჭიათურის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი დავით ჭუმბურიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს, ჭიათურაში რა მოხდება.  

"ხელისუფლება ან ფიქრობს, რომ არჩევნები ჭიათურაში მოგებული აქვს,  ან არ აინტერესებს ჭიათურა. მე უფრო მგონია, არ აინტერესებთ, ჭიათურაში რა მოხდება"-განაცხადა მან "ნიუპრესის" კითხვის პასუხად.  

დავით ჭუმბურიძე საზოგადოებრივი მოძრაობის "დაიცავი ჭიათურა" კანდიდატია. ორგანიზაცია ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული და როგორც თავად აცხადებენ, მათი მიზანი ჭიათურის განვითარებაა. მათი შეთავაზება მერობის უპარტიო კანდიდატის მხარდაჭერისა, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ უკვე გაიზიარა.

 "ჩვენი შეთავაზება გულისხმობს შიდაპარტიული დაპირისპირებიდან გამოსვლას და საერთო სახალხო კანდიდატის არჩევას, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და უპარტიო, თავისუფალი პარტიული გავლენებისა და დირექტივებისაგან. ხელისუფლებამ  ეს შეთავაზება არ მიიღო, "ევროპული საქართველო" იყო პირველი, ვინც მხარი დაგვიჭირა, ამ ინიციატივას ასევე "თავისუფალი დემოკრატები" და "შენების მოძრაობა" შემოუერთდნენ, დიდი ალბათობით, "ნაციონალური მოძრაობა" თავის კანდიდატს არ დააყენებს. იქმნება კოალიცია დამოუკიდებელი კანდიდატის ირგვლივ - ოცნების ალტერნატივა",-აცხადებს დავით ჭუმბურიძე.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციამ სახელისუფლებო კანდიდატს მოუგო, ამის გათვალისწინებით, გაერთიანებული ძალებით გამარჯვების შანსი აქვთ.  არჩევის შემთხვევაში კი, როგორც თავად აცხადებს, მუშაობას ორი მთავარი მიმართულებით აპირებს. პირველი - ეკოლოგიური, რომ "ჭიათურმარგანეცის" მუშაობით ქალაქი ნაკლებად დაზარალდეს და მეორე, რომ ჭიათურის შემოსავლები გაიზარდოს.

"ჭიათურის ბიუჯეტი არის  მიზერული და სასაცილო იმასთან შედარებით, თუ რა ღირებულების პროდუქცია გაედინება აქედან.  მილიარდებს აღემატება იმ მადნის ღირებულება, რაც აქედან ყოველწლიურად გადის. ჭიათურის ბიუჯეტს კი არაფერი რჩება, სოფლები ნადგურდება, ათეულობით სოფელი გადათხრილია და განადგურებულია, მოსახლეობისგან იცლება ჭიათურა, ახალგაზრდებს განვითარების პერსპექტივა არ აქვთ. ჩვენ,, ვინც ეს მოძრაობა წამოვიწყეთ, გვინდა, ალტერნატიული გზების მოძიება ქალაქის განვითარებისათვის, რომ ჭიათურა არ იქცეს ნაქალაქარად", - აცხადებს ჭუმბურიძე.

 მისი თქმით, ჭიათურამ ბოლო ოთხ წელში ოთხი მერი გამოიცვალა, მათ ჭიათურის იმედები ვერ გაამართლეს, რადგან გადაწყვეტილებების მიღება ზედა ეშელონებში ხდება.

 რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს,  ჭუმბურიძის თქმით, როგორც ყველგან, ხალხს აქაც აქვს შიში არასახელისუფლებო კანდიდატის შეხვედრაზე მისვლის.

"როგორც ყველგან, აქაც ეშინიათ, რომ ან სამსახურს დაკარგავენ, ან სოციალურ დახმარებას, მაგრამ ვისაც არ ეშინია, ჯერ მათთან გვაქვს ურთიერთობა.  დიდი იმედი გვაქვს, რომ ადამიანები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და არ დაექვემდებარებიან ამ შიშს", -აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში. 

ამომრჩეველს დამოუკიდებელ კანდიდატს 15 აპრილს წარუდგენენ. ხვალვე იგეგმება მეორე დამოუკიდებელი კანდიდატის ზურაბ კუპატაძის წარდგენა, მათ "ქართული ოცნება" რამდენიმე თვის წინ დატოვა და არჩევნებში ბედს დამოუკიდებლად ცდის. სახელისუფლებო კანდიდატი კი მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძეა. ის ადგილობრივებს "ქართულმა ოცნებამ" 7 აპრილს  წარუდგინა.  

ჭიათურის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც არჩეულმა მერმა პაატა ნადირაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამ ფაქტს წინ სკანდალი უძღვოდა, მომხდარს ნადირაძის მომხრეები ჭიათურაში გავლენების გამო განვითარებულ დაპირისპირებას უკავშირებდნენ. 

 რამდენად შეძლებს დამოუკიდებელი კანდიდატი არჩევნებში გამარჯვებას და დათმობს თუ არა მმართველი ძალა ჭიათურას, ეს 19 მაისის რიგგარეშე არჩევნების შედეგად გაირკვევა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა