ხონის ტურისტული გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება
ხონში გზების რეაბილიტაცია იგეგმება. ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი სამუშაოების დაგეგმვის პროცესში საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.
ლილუაშვილის თქმით, გორდი-მაჭაკეთი-ნოღა-ძეძილეთი, ნოღა-ძეძილეთი, საწულუკიძეო-ახალბედისეული-გვაშტიბი-ძეძილეთი-გელავერი. ეს არის სოფლები, სადაც უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტების საავტომობილო გზის და ხიდების (მდინარეებზე, ცხენისწყალი და მეჭია) მშენებლობა იგეგმება.
„ხონის ამ სოფლებში გზა ფაქტიურად არ არსებობს და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნება. წლებია ამ სოფლებში მცხოვრებლები, განსაკუთრებით უამინდობის დროს ვერ ახერხებენ ცენტრთან დაკავშირებას.
გზის ხელმისაწვდომობა სწორედ ის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა გადავჭრათ. ამ მიზნით, სპეციალისტებთან ერთად, პირადად მოვინახულე ყველა ის სოფელი, მონაკვეთი, სადაც უახლოეს მომავალში გზის მშენებლობას დავიწყებთ და იქ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას გადავუჭრით“-განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, ეს იქნება უმოკლესი ტურისტული გზა, რომელიც კურორტ წყალტუბოსა და გორდი-კინჩხას ღირსშესანიშნაობებს დააკავშირებს. ასევე, მშენებლობის შედეგად მოხდება ქვემო სვანეთისა და ლეჩხუმის რეგიონების მოკლე გზით დაკავშირება ხონისა და სამეგრელოს რეგიონებთან.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















