|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში მაღალჩინოსნები პირობითი მსჯავრით თანამდებობებს ინარჩუნებენ

ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს გელა ჩოგოვაძეს, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს ზაზა რუხაძეს და სხვა საჯარო მოხელეებს პირობითი მსჯავრი მიესაჯათ და საჯარო მოხელეები 40 000 ლარით დაჯარიმდნენ.

საქმე დოკუმენტაციის გაყალბებით სახელმწიფო მიწების გასხვისებას ეხება. ამის შესახებ „ნიუპრესს“ წყარომ აცნობა. მისივე ინფორმაციით,  გავიდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, თუმცა საჯარო მოხეელეები ამ დრომდე თანამდებობებს ინარჩუნებენ.

"გავიდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაც, ისინი კვლავ თანამდებობაზე რჩებიან. კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, როცა მოხელეს მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, ის სამსახურმა უნდა გაანთავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან, საქმეს არ ახმაურებენ, ცდილობენ მიჩქმალონ და დღემდე ინარჩუნებენ ადგილებს. ეს არის კანონის უხეში დარღვევაა. უკვე მათი უფროსებიდანაც ხდება მფარველობა. ხონს მართავენ კრიმინალები, გთხოვთ დაგვეხმაროთ. რათა გაიგოს საზოგადოებამ აღნიშნულის შესახებ და მოყვეს რეაგირება“, -განაცხადა წყარომ.

პირობითი მსჯავრის შესახებ ნაწილობრივ ინფორმაცია ფლობს საკრებულოს დეპუტატი "ევროპული საქართველოდან" სერგი ჯალაღანია. როგორც მან განმარტა,  სასამართლოს შესახებ დეტალები არ აქვს, თუმცა ადასტურებს ფაქტის არსებობას.

"ამ ფაქტის შესახებ მსმენია ინფორმაცია, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი, რადგან ოფიციალური საბუთები არ მინახავს. როგორც ვიკითხე,  თვითმმართველობის ორგანოებში არ არის საბუთები. დიდი ალბათობით, ეს ნამდვილად მოხდა. საქმე ეხება სოფელ კინჩხაში სახელმწიფო ქონების არაკანონიერად გაცემას კერძო პირისთვის და ამაზე იქნა მსჯავრი გამოტანილი. ვაპირებ, ამ საკითხის გარკვევას", -განაცხადა სერგი ჯალაღანიამ. 

დაზუსტებულ ინფორმაციას არც საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი მამუკა ტყაბლაძე ფლობს. მისი თქმით, ჭორის დონეზე სმენია ეს ამბავი, მაგრამ დამადასტურებელი საბუთები, მოთხოვნის მიუხედავად, არ მიუღიათ.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია, როგორც თავად აცხადებს,  პრესის მეშვეობით შეიტყო ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ. როგორც მან ნიუპრესს განუცხადა, ოფიციალურად განაჩენი არ მიუღია და შესაბამისად, არც რაიმე ღონისძიება გაუტარებია. 

„ფაქტს ვაღიარებ, როდესაც ოფიცილურად მოვა ჩემთან უწყება. ერთადერთი პრესიდან მაქვს ინფორმაცია, აქედან გამომდინარე, რაღაც ღონისძიძებებს გავატარებ, რა თქმა უნდა. ოფიციალური ინფორმაცია არ მოსულა. ჩემთვის კანონი არის ამოსავალი და ყველა ის ნორმატივი, რაც გააჩნია კანონს. როდესაც ოფიციალურად შემოვა ინფორმაცია, ამის შემდგომ ვისაუბროთ დეტალურად. კანონიდან გამომდინარე, თუ რაიმე ვალდებულება მექნება, ამ ღონისძიბეებს გავატარებ. რა ფართობზეა საუბარი, არ ვიცი, რადგან ეს წინა პერიოდის ამბავია“, -განაცხადა ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ.

ფაქტს ადასტურებს თავად მერის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე,  რომელის თქმითაც, საქმეზე განაჩენი უკვე ჩაბარდა, თუმცა გასაჩივრებას არ აპირებს, რადგან ფაქტზე საპროცესო შეთანხმება შედგა. 

არსებული ინფორმაციით, საქმე 2016 წელს აღიძრა და განაჩენი წელს აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა. საქმის განხილვა თბილისის სასამართლოში გაიმართა. 

გელა ჩოგოვაძე ამ დროისათვის ხონის მუნიციპალიტეტის  ეკონომიკის, ქონების აღრიცხვისა და მართვის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობდა. მერის მოადგილის პოსტზე ის 2017 წლის სექტემბერში დაინიშნა, იმ დროისათვის როდესაც საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებული იყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა