|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვალ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გაიმართება

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის განხილვა 11 ნოემბერს, 13 საათზე დაიწყება. მომხსენებელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილია.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს, რითაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თითქმის 10 თვეა უკანონო პატიმარია. იგი გაასამართლეს სისხლის სამართლის წესით და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროცესი მიმდინარეობდა მის წინააღმდეგ მიმართული „ოცნების“ დეზინფორმაციის ფონზე, ცრუ მოწმე პოლიციელების გამოყენებით.

დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად და არაადამიანურად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია. დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მას პატიმრობაში მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ.

2025 წლის 22 ოქტომბერს მზია ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

 წყარო: ბათუმელები

ავტორი: