ქუთაისში ყველის ფესტივალი გაიმართა [PHOTO]
ქუთაისში ყველის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში გარდა იმერეთისა, მეწარმეებმა სხვადასხვა რეგიონებიდან მიიღეს მონაწილეობა. გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ იმერული ყველის სხვადასხვა სახეობას. მოესმინათ ინფორმაცია მათი დამზადების შესახებ.
ფესტივალზე გარდა ყველისა წარმოდგენილი იყო ქართული თაფლი, ჩაი, ჩირი, ღვინო, სანელებლები და აჯიკა.
"ფესტივალი კარგია, რადგან იმერული ყველის პოპულარიზაცია ხდება. იმერეთში ცნობილია ყველის სუპი და არის დერგის ყველი, ის არის ერთ-ერთი საკვები ზამთრის პერიოდში. მგონი, ასეთ რამეს სხვაგან არ აკეთებენ, იმერლები თადარიგს იჭერენ, რომ არ შემოაკლდეთ ყველი. რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე გვაქვს და სტუმრები აქტიურად ყიდულობენ. რომ გავფართოვდებით, ვგეგმავთ, ყველის ჩირი გავიტანოთ ქვეყნის გარეთ"-განაცხადა საჩხერის რძის ქარხნის წარმომადგენლმა მანანა იაკობაშვილმა.
ქართული თაფლის მნიშვნელობაზე და პრობლემებზე ისაუბრა საჩხერელმა მეწარმემ გოგი ჩაჩანიძემ.
"ცაცხვის, წაბლის და მაისის თაფლი მაქვს წარმოდგენილი, ასევ გვაქვს ფიჭა. ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქციაა. 120 ოჯახს ფუტკარს ვამთაბარებ. რეალიზაცია ძალიან მიჭირს, ფესტივალებზე დავდივარ და მაღაზიებს ვაბარებ. მთავრობა არ გვეხმარება. ევროპაში ვერ გავიდა თაფლი. თურქეთში გადიოდა და ვეღარ გადის. ადგილობრივი ბაზარი არ არის საკმარისი"-განაცხადა კოოპერატივი"სანთელის" წარმომადგენელმა გოგი ჩაჩანიძემ.
ფესტივალი ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის მარი დევიძის განმარტებით, ცდილობენ, ფესტივალმა ტარდიციული ხასიათი მიიღოს და როგორც "ქუთაისის ყველის ფესტივალი" დამკვიდრდეს. მისი თქმით, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ მკვლევარ ანა მიქაძესთან.
ქუთაისის ვიცე-მერის ნინო თავლთვაძის განმარტებით, ფესტივალის მიზანი ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაა და ის "ორმაისობას" არ დაამთხვიეს.
"შარშან ჩაეყარა საფუძველი და იყო წარმატებული. წელს არ დავამთხვიეთ "ორმაისობას", თავისი დღე ექნება და იქნება დამოუკიდებელი. წელს ორჯერ მეტი მეყველე იღებს მონაწილეობას და მოლოდინია, რომ საინტერესო იქნება. ადგილობრივებისთვის კარგი იქნება, რადგან რეალიზაცია მოხდება, ტურისტები კი მეტად გაეცნობიან"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.



ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















