"ზაფხულის საღამოები" წელს აზიურ სტილში მოეწყობა
ქუთაისში, მონ პლეზირის თაღთან 5 დღის განმავლობაში "ზაფხულის საღამოები" გაიმართება. კინოჩვენება ღია ცის ქვეშ უკვე ტრადიციად იქცა.
მომსახურების შესყიდვისათვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ,,მიმწოდებელმა" უნდა უზრუნველყოს „ზაფხულის საღამოები“-ს ფარგლებში შემეცნებით-გასართობი ხასიათის კინოჩვენებების ორგანიზება 2017 წლის 27 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
ტენდერის მოთხოვნის თანახმად, კინოჩვენებების ტერიტორია წელს აზიურ სტილში მოეწყობა, რისთვისაც მონ პლეზირის თაღის თავზე 20 მანათობელი ქაღალდის ფარანი დაიკიდება. მაყურებლისთვის კი შეზლონგები ღია ცის ქვეშ დაიდგმება.
ღონისძიება მცირე პერფომანსით გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას პანტომიმის მსახიობები მიიღებენ.
მერიის კულტურის სამსახურის მთავარის სპეციალისტის, თამთა თურმანიძის განცხადებით, წელს აზიური ფილმების ჩვენება მოეწყობა.
"ყოველ წელს სხვადასხვა ხასიათის კინოკვირეულებს ვატარებთ, ვცდილობთ განსხვავებულ კინემატოგრაფს გავუწიოთ პოპულარიზაცია. იყო ჩაპლინის, ფელინის, ევროპული და კლასიკური ქართული კინოს კვირეული, წელს ჩვენს მაყურებელ აზიურ კინოს შევთავაზებთ, მოეწყობა კიმ კი დუკის, ტაკეში კიტანოს, ვონგ კარ ვაის, ჰაიაო მიაძაკის ფილმების ჩვენება"- განაცხადა თამთა თურმანიძემ.
ტენდერის ღირებულება 1 625 ლარია.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















