ზამთარში ფრთხილად იარონ - რეკომენდაციები "თეთრი ხიდის" პროექტის ავტორისგან
"თეთრი ხიდის" რეაბილიტაციის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" შენიშვნებს არქიტექტორმა და პროექტის ავტორმა გია ხუჯაძემ უპასუხა. გია ხუჯაძე ბრალდებას არცერთ ნაწილს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ხიდის მდგრადობა დასკვნებით არის დადასტურებული. ასევე არ იზიარებს პროგნოზს, რომ ზამთარში ხიდზე გადაადგილება გართულდება.
"ახალი პროექტი გავაცანით სპეციალისტებს, მათ ვერანაირი ხარვეზი აღმოაჩინეს. ერთადერთი, გვითხრეს, საფარის მოხსნის შემდეგ გამოიკვეთებოდა, თუ რამე ხარვეზი არსებობდა ხიდზე. დასკვნა დადო დამოუკიდებელმა ექსპერტმაც. რაც შეეხება ზედაპირს, ნებისმიერი ზედაპირი ყინვის დროს იყინება. ორი, სამი დღე გვაქვს ზამთარში ყინვიანი და იმის გამო, რომ მოცურდება, აბსურდია ამაზე მსჯელობა, ყინვიან ამინდებში ფრთხილად იყვნენ და იარონ, მოუფრთხილდნენ თავს. არაფრის მტკიცებას არ დაგიწყებთ, მოვა ზამთარი და ნახავთ, რომ გაივლიან", -განაცხადა გია ხუჯაძემ.
მან ასევე ისაუბრა ხიდზე დარჩენილ სამუშაოებზე და განმარტა, რომ ხიდი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის და ხდება დარჩენილი სამუშაოების დასრულება. მისივე თქმით, თეთრი ქვების იმიტაცია პროექტში რჩება და ხიდზე მისი განთავსება მოხდება.
"დამთავრებული არაა სამუშაოები. ხელოვნური ჟანგვა გავუკეთეთ, სანამ გადაილაქებოდა წვიმის წყალმა, ჟანგი ჩაიტანა ქვემოთ და ჩასვლა რომ მომხდარიყო, იმიტომ იყო დატოვებული ფილები. გაფართოებული თვალებით უყურებენ ყველაფერს. ზედაპირზე ჩამოსაჯდომებია გასაკეთებელი, ჯერ ხიდი ჩაბარებული არ არის. ნებისმიერ სამშენებლო სამუშაოებზე ხდება გამოსწორება. ჯერ არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, გახსნა იყო, რადგან ძირთადი სამუშაოები დასრულებულია. თეთრი ქვების იმიტაცია დაიდება, რომელსაც ჩამოსაჯდომის ფუნქცია ექნება. ვის ქონდა მაგის ამოღების უფლება? პროექტში დევს და უნდა შესრულდეს. მინებს რაც შეეხება, თავიდანვე არ მომეწონა, როგორც გაკეთდა, მაგრამ ქართველის ბუნებაა, იფიქრა იაფად გამოსულიყო. დამაგრების შემდეგ რამდენიმე დღე უნდა გაჩერებულიყო და გამშრალიყო. თავიდან მოხდება გადაბმების შევსება და გაცილებით ხარიხსიანად გაკეთდება, მაგრამ შემიძია გითხრათ, რომ ხიდზე გადასვა საფრთხის შემცველი არაა", -განაცხადა გია ხუჯაძემ.
შეგახსენებთ, ხიდზე არსებული ხარვეზები "ნაციონალურმა მოძრაობამ" გააკრიტიკა. მერიამ ხიდის მდგრადობის შესახებ დასკვნები გაასაჯაროვა. ამასთან, მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაოები დასრულებულია და ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს. მერიის განცხადებაში ხიდზე ქვების განთავსებაზე არაფერია ნათქვამი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















