ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე დასრულდება
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზაფხულზე მარტის ბოლოს დასრულდება, ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ. მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.
უწყების ინფორმაციით, E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაში გადავიდა.
მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა და სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ნაგებობის: 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო ხიდის, მიწისქვეშა გასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მოწყობა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.
აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - ქვეყნის სივრცითი განვითარების უმთავრესი ნაწილია.
სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















