|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ბურჭულაძის პარტიის იმერეთის ორგანიზაციას სოსო გაბრიჭიძე უხელმძღვანელებს

 პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ მოძრაობას -"სახელმწიფო ხალხისთვის" ააიპი ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი უფროსი სოსო გაბრიჭიძე  შეუერთდა. გაბრიჭიძე  პარტიის იმერეთის კოორდინატორად  წარადგინეს. 

 "ჩვენ ამ ეტაპზე რეგისტრაციის პროცედურას გავდივართ, რეგისტრაციის შემდეგ ჩვენი პარტია უფრო გააქტიურდება.  მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ცოტა დრო გვრჩება, გვჯერა, რომ მაქსიმალური რაოდენობით გავალთ პარლამენტში",-განაცხადა სოსო გაბრიჭიძემ "ნიუპრესთან" საუბრისას.

პარტიაში ამ დროისათვის ვერ აკონკრეტებენ, ვინ იბრძოლებს ქუთაისის მაჟორიტარობისთვის. თუმცა, როგორც გაბრიჭიძემ აღნიშნა, კანდიდატურას სამივე ოლქში წარადგენენ. "ივნისის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ ვინ იბრძოლებს ჩვენი პარტიიდან მაჟორიტარობისთვის",-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, სოსო გაბრიჭიძე  ქუთაისის  მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსი გახლდათ, შემდეგ კი ააიპი ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსად გადაიყვანეს. დანიშვნიდან რამდენიმე თვეში კი,  თანამდებობიდან ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ გაათავისუფლა. გაბრიჭიძემ მერის ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა, სასამართლომ კი სარჩელი დააკმაყოფილა და გაბრიჭიძე თანამდებობას დაუბრუნდა. რამდენიმე დღეში კი ის სამსახურდან  თავისი ნებით წავიდა.

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებაშია ასევე  იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, რომლის თანამდებობიდან წასვლა ასევე ქუთაისის მერს უკავშირდება. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი