|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტურისტულ გამოფენებში ქუთაისის მონაწილეობა ქაოტური და ძვირადღირებულია"

ტურისტულ გამოფენებში ქუთაისის მონაწილეობა ქაოტური და ძვირადღირებულია -ამის შესახებ ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა ბერეკაშვილმა  ტურიზმის საკითხებზე "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა. 

 "ტურისტულ გამოფენებში ქუთაისის მონაწილეობა ქაოტური და ძვირადღირებულია. არსებული ინფორმაციით, 20 ათასი ლარი დაიხარჯა ნიუ-იორკისა და ტოკიოს ტურისტულ გამოფენებში ქუთაისის მონაწილეობისათვის, რაც მიმაჩნია, რომ არაეფექტურია, ამ  თანხით შესაძლებელი იყო ისეთ ქალაქებში გამოფენების გამართვა, რომელთანაც  ქუთაისს პირდაპირი ფრენები აქვს"-განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

  მისი თქმით,  ქალაქს არ გააჩნია ტურიზმის განვითარების მკვეთრი და ეფექტური  სტრატეგია. 

 "პირველ რიგში,  ეს არის ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, რაც აფერხებს ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას, ქალაქში არ გვაქვს საკმარისი ტურისტული ატრაქციები. 4-5 სათის შემდეგ ტურისტს ქალაქში სანახავი აღარაფერი აქვს. არასაკმარისია ქალაქის ფოტო რეკლამები, ასევე ელექტრონულად დამუშავებული და აპლიკაციებთან თავსებადი ტურისტული მარშრუტები", -აღნიშნა ლაშა ბერეკაშვილმა.

 ქუთაისის ვიცე მერის ნინო თვალთვაძის განცხადებით, ტურიზმის დეპარტამენტის მიერ შემოთავაზებული სიიდან ირჩევენ იმ ქალაქებს, რომელთანაც ქუთაისს პირდაპირი ფრენები აკავშირებს, თუმცა ნიუ-იორკსა და ტოკიოზე ყურადღება  იმის გამო შეჩერდა, რომ ამ ქალაქებში ქუთაისის წარმოჩენა პირველად მოხდა. 

 ქუთაისის ვიცე-მერმა ტურისტული მიმართულებით დაგეგმილ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა