|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჭიათურაში მმართველი პარტიის კანდიდატი გამარჯვებას მოსახლეობის დაშინებით ცდილობს"

„თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სახალხო დამცველის აპარატს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიის წარმომადგენლებს წინასაარჩევნოდ ჭიათურაში არსებული მდგომარეობით დაინტერესებისაკენ მოუწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მაჟორიტარობის კანდიდატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

„არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ რამდენიმე დღეში ჭიათურაში განსაკუთრებით გამძაფრდა ბრძოლა და უპრეცენდენტო ხასიათი მიიღო მმართველი ძალის მაჟორიტარობის კანდიდატის, ან მისი მხარდაჭერების მიერ მოსახლეობის დაშინების ფაქტებმა. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში რაიონის გამგებლის თანამდებობას იკავებდა და მიუხედავად ამისა, რაიონში ავტორიტეტი არ აქვს, საპარლამენტო არჩევნების მოგებას ჭიათურელთა დაშინებით ცდილობს. აშინებენ ყველას-სოციალურად დაუცველებს, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს. სამწუხაროა, რომ დაშინების პროცესში ადგილობრივ დონეზე პოლიციაც ჩაერთო. ჩემთან ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მოდის, რომლებიც მსგავს ფაქტებზე საუბრობს. მოგმართავთ ყველას, დაინტერესდეთ აღნიშნული ფაქტებით. არა მგონია, ცენტრალურ ხელისუფლებას მაჟორიტარად უნდოდეს ადამიანი, რომელიც ჭიათურაში მთელ მათ პოლიტიკურ გუნდს არცხვენს და უსუსური მეთოდებით ცდილობს მაჟორიტარის სტატუსის მოპოვებას. დაუშვებელია, მსგავსი რამ ხდებოდეს იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ სიტყვისა და არჩევანის თავისუფლებაზე აპელირებს და როდესაც მისი ხელისუფლების მთავარ მიღწევად სწორედ არჩევანის და ზოგადად თავისუფლებას ასახელებს,“ - ნათქვამია თეიმურაზ გაფრინდაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჭიათურაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში "თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი და "ქართული ოცნების" კანდიდატი  სულხან მახათაძე უპირისპირდებიან. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა