100 ათასი ლარი ქალაქის გენგეგმის შემუშავებისათვის
ქალაქის გენერალური გეგმის შედგენაზე მუშაობის დასაწყებად ქუთაისის ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ მერიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტშია ნათქვამი.
„ქალაქის გეგმაზომიერი განვითარებისათვის აუცილებელია გენერალური გეგმის შედგენა, რომლის გაკეთება საკმაოდ შრომატევადია და დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. ამდენად, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხარჯები მხოლოდ საწყისი მოსამზადებელი ეტაპის განხორციელებისათვის, ამასთან, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან დამატებითი რესურსების მოძიებისათვის“, -აღნიშნულია პროექტში.
გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია ექსპერტებისა და პროფესიული ორგანიზაციების ჩართვა, ასევე საზოგადოებრიობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა. აღნიშნული გეგმის შემუშავებაზე მუშაობა ქალაქში რამდენიმე წელია უშედეგოდ მიმდინარეობს. გენგეგმის არარსებობის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე, რაც, ძირითადად, ქალაქის ქაოტურად განვითარებას უკავშირდება, "ნიუპრესი" არაერთხელ წერდა.
პროექტის თანახმად, ამ თანხაში გეგმის დასრულება არაა გათვალისწინებული. პირველი ეტაპის სამუშაოებში, ჯერჯერობით, ქალაქის გრძელვადიანი განვითარების გენერალური გეგმის ცალკეული კომპონენტების მომზადებაა დაგეგმილი.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:29
18:25
15:07
12:11
















