"8 მილიონი ლარი ქუთაისის თვითმმართველობამ ჯიბეში ჩაიდო"
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გოგი წულაიამ მერიის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. წულაიას განცხადებით, 8 მილიონი ლარი ქუთაისის მერიამ ჯიბეში ჩაიდო.
„2015 წლის მაისში ადგილობრივმა თვითმმართველობამ კრედიტის სახით 6 მილიონი ლარი აიღო. ამ თანხით კი უნდა აშენებულიყო ტურისტული ცენტრი, ასევე რესტავრაცია უნდა ჩატარებოდა საჯარო ბიბლიოთეკას, თუმცა არც ტურისტული ცენტრი აუშენებიათ და არც ბიბლიოთეკას ჩატარებია რესტავრაცია. ამას გარდა, მერიამ განაცხადა, რომ მირზაანის შენობა "ვითიბი ბანკმა" აჩუქა ქალაქს. სინამდვილეში, აღმოჩნდა რომ 650 ათას $ ბიუჯეტიდან გამოიყო და შეისყიდეს მირზაანის შენობა ტურისტული ცენტრის მოსაწყობად, სად წაიღეს ის კრედიტი, რომლითაც უნდა აშენებულიყო ტურისტული ცენტრი?“,–კითხულობს წულაია.
ამას გარდა, წულაიას განცხადებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ „მირზაანის“ ყოფილი შენობა 70 ათას ლარად დააიპოთეკეს.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენობა 1 თვეში ვითიბი ბანკში დააიპოთეკეს 70 ათას ლარად. მათი განცხადებით, ამ თანხით ისტუმრებენ ანგარიშების მომსახურეობას. 8 მილიონი ლარი, ქუთაისის თვითმმართველობამ ჯიბებში ჩაიდო. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მივმართავთ პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება“,– განაცხადა წულაიამ.
ბრალდებებს ადგილობრივი თვითმმართველობიდან ეკონომიკის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი პასუხობს. კლდიაშვილის განცხადებით, მერიამ გასული წლის ბოლოს შეიძინა მილიონ 561 ათას ლარად „მირზაანის“ ყოფილი შენობა, თუმცა მისი თქმით, თანხები ბიუჯეტიდან არ გახარჯულა.
"გოგი წულაიას მიერ გაკეთებული განცხადება ქუთაისის მერიის მიერ რუსთაველის გამზირი #9-ში არსებული შენობის შეძენის მიზნით 10 მლნ ლარის კრედიტის აღების შესახებ არის სრული აბსურდი. ქუთაისის მერიამ გასული წლის ბოლოს მართლაც შეიძინა აღნიშნული შენობა შპს „პროკრედიტ ფროფერთისაგან“ 1,561 მილიონ ლარად, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ამ შენობის რეალურ საბაზრო ღირებულებაზე, რომელიც განსაზღვრული იქნა დამოუკიდებელი აუდიტორის და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ. შენობა გათვალისწინებულია საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის განთავსებისთვის, რომლის მოწყობაც დაგეგმილია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად. ამასთან, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2015 წლის დეკემბერში ჩაატარა საჯარო კონკურსი საბანკო მომსახურების შეძენის მიზნით, რომლის პირობების შესაბამისად, გამარჯვებულმა საბანკო დაწესებულებამ (სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“) ადგილობრივ ბიუჯეტში წინასწარ გადაიხადა დეპოზიტზე დასარიცხი პროცენტი 1,625 მილიონ ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი კი გამოყენებული იქნა რუსთაველის გამზირი #9-ში მდებარე შენობის შესაძენად. სანამ გოგი წულაია სასაცილო მდგომარეობაში ჩაიყენებს თავს სჯობს დოკუმენტაციას გაეცნოს, ან მერიაში მობრძანდეს და უფასო კონსულტაციას გავუწევთ"–აცხადებს კლდიაშვილი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















