არასწორად დახაზული "ზებრა" გადასასვლელის გამო მძღოლები ჯარიმდებიან
ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები და სამარშრუტო ხაზის მძღოლები საგზაო ნიშნების არასწორად დახაზვას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, რამდენიმე თვის წინ გზაჯვარედინის სიახლოვეს დახაზულმა "ზებრა" გადასასვლელმა მათ პრობლემა შეუქმნა, რის გამოც ჯარიმები ყოველღიურად მისდით.
"ყველაფერს არაპროფესიონალურად აკეთებენ. რამდენიმე თვის წინ გადასასვლელი გზაჯვარედინის სიახლოვეს დახაზეს. შედეგად ჩვენ ავტობუსების გასაჩერებელი ადგილები არ დაგვიტოვეს. არადა, ეს გაჩერებაა, რომ ვაჩერებთ ტრანსპორტს, აქვე დამონტაჟებული ვიდეოთვალი აფიქსირებს და ჯარიმებს გვიწერენ, ზოგჯერ დღეში რამდენიმეს. მივმართეთ მერიას, გააუქმონ ეს გადასასვლელი და სკოლის სიახლოვეს დახაზონ, სადაც აუცილებელია, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ იმოძრაონ, მაგრამ ყურადღება არავის მოუქცევია", –აცხადებს N 22 ავტობუსის მძღოლი რომან ხეცურიანი.
მძოლები, ისევ ავტობუსების გაჩერებების დახაზვას ითხოვენ, რომ მათ ადგილზე კერძო ტაქსები არ გაჩერდნენ.
ააიპ "სპეციალური სერვისების" პრესსამსახურის უფროსის, გიორგი მჟავანაძის განცხადებით, აღნიშნულ ადგილზე ზებრა გადასასვლელი მათი სამსახურის მიერ არ დახაზულა: "ეს "ზებრა" გადასასვლელი ჩვენი სამსახურის მიერ არ არის დახაზული. წლების წინ დაიხაზა. ჩვენ კეთიმოწყობის სამსახურთან თანამშრომლობით ვასრულებთ სამუშაოებს, რა ადგილსაც გვეტყვიან, იქ ვხაზავთ. რაც შეეხება არსებულ ადგილს, არ ვიცით რამდენად არასწორად არის დახაზული და გაუქმდება თუ არა, ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. ამაზე კეთილმოწყობის სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ უნდა იმსჯელონ", –განაცხადა გიორგი მჟავანაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















