"ეს არის ელექტრონული სისტემა და დარეგისტრირება დასწრებაზეა“
დღეს პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო. როგორც მშობლები სოციალური ქსელი წერენ, რეგისტრაციისათვის განკუთვნილ საიტზე წვდომა ვერ შეძლეს. მათი განცხადებით, საიტი დილის 9.00 საათზე არ ჩაირთო, ნაწილი კი აცხადებს, რომ ზოგიერთ სკოლაში გამოცხადებული იყო რეგისტრაცია, თუმცა ადგილები აღარ არსებობდა.
როგორც მშობლები პირად საუბრებში აცხადებენ, პრესტიჟულ სკოლებში დასარეგისტრირებლად მზად არიან თანხა აიტი სპეციალისტს გადაუხადონ. "მინდოდა ჩემი შვილი იმ სკოლაში დამერეგისტრირებინა, რომელთანაც ახლოს ვცხოვრობ. აიტი სპეციალისტის დახმარება მირჩიეს, თანახმა ვიყავი ამისათვის დადგენილი თანხა -50 ლარი გადამეხადა. რამდენიმე კომპიუტერის სპეციალისტი ერთდროულად ცდილობდა ჩემი შვილის დარეგისტრირებას, თუმცა საიტზე შესვლისთანავე ადგილები შეივსო და სასურველ სკოლაში ვერ მოვხვდი", -აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.
მოქალაქეთა შენიშვნებს არ იზიარებენ განათლების სამინისტროში. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ზაზა ტყემალაძის განცხადებით, სისტემური შეფერხება არ ყოფილა.
„დაიწყო რეგისტრაცია და არ ყოფილა შეფერხება, ყველას შესაძლებლობა მიეცა დაერეგისტრირებინა თავისი შვილი, თუმცა, რა თქმა უნდა, პრობლემები შეიქმნა იმ სკოლებში, რომლებიც არის უფრო მოთხოვნადი. მოთხოვნის გამო ადგილები წამიერად ივსება და ხშირად ადგილობრივიც ვერ ახერხებს იმ სკოლაში რეგისტრაციას, რომელთან ახლოსაც ცხოვრობს. ამაზე ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ, რადგან ეს არის ელექტრონული სისტემა და დარეგისტრირება დასწრებაზეა“, -განაცხადა ზაზა ტყემალაძემ.
ქუთაისში ყველაზე მოთხოვადად 1-ლი, 2-ე, 3-ე, 17-ე, 30-ე, 41-ე სკოლები სახელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















