|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბაგა-ბაღების გაერთიანების 187 თანამშრომელზე ზეწოლა ხორციელდება"

ადამიანის უფლებების დაცვის დღეს ეხმაურება მაკა აბულაძე, ქუთაისის ბაგა-ბაღების ფილიალის #13 ფილიალის ხელმძღვანელი. მისი განცხადებით, ირღვევა როგორც ბაგა-ბაღების თანამშრომელთა, ასევე ბავშვების უფლებები. მისი თქმით, ხელისუფლება  ბაგა-ბაღების გაერთიანების 187 თანამშრომელზე ზეწოლას ახორციელებს.

აბულაძე დანარჩენ 3 გამგესთან ერთად ცნობილი, ერთდღიანი გაფიცვის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სამსახურში ისევ აღადგინეს.    ამ გადაწყვეტილებას მერიის ააიპი სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. მაკა აბულაძის განცხადებით,  ბაღების თანამშრომლებზე  ზეწოლის მიზანია, მათ სასამართლო პროცესზე განაცხადონ, რომ ხელფასის ზრდა არა საკუთარი სურვილით, არამედ სხვების მითითებით მოითხოვეს.

„უფლებები ირღვევა ყველა იმ ქალის, ვინც გაბედა და ხმა ამოიღო მისი უკეთესი შრომის პირობებისათვის, ვინც გაბედა და მოითხოვა მისი შრომის სათანადო დაფასება და ხელფასის მომატება, აგრეთვე ბავშვთა უფლების დაცვა, დღეს ამ ქალებს დაშინების, დაბარების და სამსახურიდან გაშვების მუქარით აიძულებენ აღიარონ, რომ მათ არც ხელფასი უნდოდათ, არც პირობების გაუმჯობესება, უბრალოდ, მესამე პირი არსებობდა და ის აიძულებდა, ეს ყველაფერი მოეთხოვა. ეს ადამიანები პედაგოგები არიან, ბაღის თანამშრომლები, რომლებსაც ბავშვები აბარიათ.

ერთი წლის მანძილზე განერვიულებული და დაძაბული მასწავლებელი, რომელსაც სახელფასო სესხი აქვს აღებული, რომლის ოჯახის ისედაც მწირ ბიუჯეტს მისი ხელფასის დაკარგვა მთლად გაანადგურებს, შეძლებს იყოს მშვიდი, ლაღი, შემოქმედებითი, მოსიყვარულე, აუღელვებელი?..

187 ქალი ელის სასამართლო პროცესს და 187 ქალის დასჯას ითხოვს მეორე მხარე სამაგალითოდ, რომ არასოდეს არავინ გაბედოს ხმის ამოღება საკუთარი უფლების დასაცავად“, -აცხადებს მაკა აბულაძე.

ის თანადგომისათვის საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს.

შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში ქუთაისში ბაღების გაფიცვის გამო სამსახურიდან დაითხოვეს ოთხი გამგე. მათი სასამართლო პროცესები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამჟამად საქმე მაკა აბულაძისა და ზაალ ხონელიძის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.

ააიპი "ბაგა-ბაღების გაერთიანების" თანამშრომლებზე ზეწოლას უარყოფს გაერთიანების იურისტი რამაზ იობიძე. მისი თქმით, "აბულაძის განცხადება სიცრუესა და ანგარებაზეა აგებული. N13 ფილიალის თანამშრომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ თავიანთ ადვოკატთან კონსულტაციის საფუძველზე გაერთიანების დირექტორის, ნანა ლორთქიფანიძის სახელზე დაწერეს მოხსენებითი ბარათები, სადაც გაფიცვის ორგანიზატორად მაკა აბულაძეს დაასახელეს. იგივე განაცხადეს მათ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას".

იობიძის განცხადებით, "აბულაძე თავის გადასარჩენად მათ აბრალებს უკანონო გაფიცვას, თავად კი აცხადებს, რომ  სამსახურში გვიან მივიდა. სწორედ მისმა ამ ტყუილმა განაპირობა თანამშრომელთა აღშფოთება და სიმართლის სათქმელად თავიანთ ადვოკატთან ერთად გაერთიანებაში მოსვლა".

ბაგა-ბაღების თანამშრომლებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს  გაერთიანებასთან სასამართლო დაპირისპირების მქონე #1 ფილიალის ყოფილი გამგე ზაალ ხონელიძე. მისი თქმით, გაერთიანების მიერ  განხორციელებული ზეწოლის შედეგად თანამშრომლები იძულებული გახდნენ მათ საწინააღმდეგო ჩვენება მისცენ. აღნიშნული ზეწოლის შესახებ ხონელიძემ განცხადება არაერთხელ გააკეთა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა