ბაღდათის გამგებელს საბიუჯეტო თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ
იმერეთის რეგიონში, კერძოდ კი ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების დატაცების შემთხვევებზე ვრცელდება ინფორმაცია. ფაქტს ”პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდი” ასაჯაროებს. ფონდის წარმომადგენლის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ტენდერებს დარღვევით ატარებს და კომპანიების გამარჯვება პირადი ინტერესებით ხდება.
ფონდის წევრების თქმით, "ბაღდათი-საკრაულას" გზის რეაბილიტაციის ტენდერში გამგებელმა არასწორად მოახდინა გამარჯვებული კომპანიის დისკვალიფიკაცია და გამარჯვებულად გამოაცხადა მისი ფავორიტი კომპანია, რომელსაც უარყოფითი ხარისხობრივი ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად და ასევე მიღება-ჩაბარების კომისიის გვერდის ავლით, 700 ათასი ლარი გადაურიცხა. სამხარაულის საექსპერტო ბიუროს დასკვნით კი, გაწეული სამუშაოების ღირებულებამ 239 ათას ლარს შეადგენდა, რითაც ბიუჯეტს 461 ათასი ლარის ზარალი მიადგა.
ბაღდათის გამგებლის მიერ მის ფავორიტ კომპანიის ლობირებაზე საუბრობს ”პაატა ბურჭულაძის - საქართველოს განვითარების ფონდი”–ის ბაღდათის ოფისის ხელმძღვანელი მევლუდ კიკნაველიძე, მისი თქმით, გამგებელმა მიღება-ჩაბარების კომისიის გვერდის ავლით 3-ჯერ მაინც მოახდინა შუალედური გადარიცხვა, ხოლო ერთხელ კი მიღება-ჩაბარების კომისიის დასკვნის საფუძველზე, როცა გამგებელმა დაუმალა თანამშრომლებს უარყოფითი დასკვნის არსებობა და ისე მოაწერინა ხელი. ამასთან, როცა შესრულებული სამუშაოებისათვის გადარიცხული თანხა შეადგენდა, დაახლოებით, 700 000 ლარს სამხარაულის საექსპერტო ბიურომ წარმოადგინა ღირებულებითი ექსპერტიზის დასკვნა - 239 000 ლარზე”.
როგორც ფონდის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო ის თაროზეა შემოდებული. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ "ნაციონალების" მართვის სისტემა გააგრძელა. ხდება თანხების მიტაცება, დაწყებულია გამოძიება, თუმცა საქმით არავინ ინტერესდება.
ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე ბრალდებას უარყოფს. "მევლუდ კიკნაველიძე არის ბაღდათის ყოფილი გამგებელი, რომელსაც თვითონ აქვს ძალიან ბევრი დანაშაული ჩადენილი ბაღდათში, რომელზეც ასევე არის აუდიტის დასკვნა და ეს საბუთები გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებებში. იმისათვის, რომ თავი დაიცვას, მიდის ყველა უმსგავსობაზე. რასაც ის ამბობს, არის 100 % სიცრუე", - განუცხადა "ნიუპრესს" ბაღდათის გამგებელმა. მისი თქმით, მათ მიერ დაწუნებული ფირმის- შპს "ბორანის" დისკვალიფიკაცია გამგეობის მოთხოვნით მოახდინა სააგენტომ. ახლა ეს ფირმა შეტანილია "შავ სიაში". რაც შეეხება ციფრებს, აცხადებს გამგებელი, არცერთი ციფრი სიმართლეს არ შეეფერება. გამგებელი ადასტურებს, რომ საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, მართლაც მიმდინარეობს, თუმცა ამის შესახებ მისთვის არ არის ცნობილი. "ნებისმიერ საჩივარზე ხდება რეაგირება. იყვნენ გამგეობაში და მოითხოვეს საბუთები, მოხდა გამგეობის თანამშრომლების გამოკითხვა საბუთებთან დაკავშირებით", - აცხადებს ის - "საიდან იცის მარქსიზმ-ლენინიზმის ლექტორმა ხათუნა ლაგაზიძემ, საქმე თაროზე შემოდეს თუ არა, მაღალფარდოვან დასკვნებს რომ აკეთებს, ჯერ ჩემი ბიოგრაფია ნახონ, ჩემი განათლება და შემდეგ ილაპარაკონ ჩემზე",-აცხადებს გეგეშიძე.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















