ბიძინა ივანიშვილის ფოტოთი დამშვენებული ავტომობილით კობა ლურსმანაშვილი გადაადგილდება
ავტომობილით, რომლის სალონშიც ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ფოტო გამორჩეული ადგილზეა, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი გადაადგილდება. ხარაგაულის ყოფილი გამგებელი პარლამენტში ხარაგაულსა და ბაღდათს წარმოადგენს.
აღნიშნული ავტომობილი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში 18 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომის წინ მოექცა. მისი მფლობელის ვინაობა კი On.ge-მ გაარკვია, რომელიც კობა ლურსმანაშვილს დაუკავშირდა. დეპუტატმა დაადასტურა, რომ BMW X5 სახელმწიფო ნომრით 051, სწორედ ის გადაადგილდება, თუმცა ავტომობილი მისი უახლოესი მეგობრის საკუთრებაა, რადგან თავად ავტომობილი არ ჰყავს. როგორც დეპუტატი ამბობს, ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული "კია სპორტიჯი" გაფუჭებულია და გადასაადგილებლად უვარგისია.
ლურსმანაშვილის თქმით, ის მეგობრის ავტომობილით წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ გადაადგილდება:
"ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს პატივს ვცემ და წინასაარჩევნოდ მანქანაში ჩამოვკიდე ივანიშვილის ლოგო და მერე შესაძლოა დავიტოვე, ეს ვინმეში რაიმე ცუდ ასოციაციებს იწვევს? რა არის ამაში ცუდი?
იცით რა მინდა გითხრათ? ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ის პიროვნება, რომელმაც საქართველოს უახლოესი ისტორია შეცვალა. ჩვენ გვაქვს მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და რაც მთავარია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პიროვნებამ საქართველოში თითოეული ადამიანისთვის უკეთესი ბედნიერების საფუძველი შექმნა. გამომდინარე აქედან, სრულიად ლოგიკურია, რომ "ქართული ოცნების" წევრებს გაგვაჩნდეს ასეთი სურვილი და ეს სრულებით არ არის გასაპროტესტებელი. ეს [ფოტო] თუ ინტერნეტში ხვდება, ძალიან კარგია. მე ვიტყოდი, რომ ყველას რომ ჩამოეკიდა ბატონი ბიძინას სურათი და პატივი ეცა ბატონი ბიძინასთვის საქართველოში ძალიან კარგი იქნებოდა. "ნაციონალური მოძრაობისთვის" ნახევარ მილიონს რომ არ მიეცა ხმა, ესეც იქნებოდა ძალიან დიდი ბედნიერების საფუძველი საქართველოსთვის და ჩემთვის",-განუცხადა ლურსმანაშვილმა გამოცემას.

ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















