ბრძოლა არასწორ პარკირებასთან და არასაკმარისი ადგილები ქუთაისში
ქუთაისში ტროტუარებზე ავტომობილის გაჩერება დასჯადი გახდა. მერიის ინიციატივით, კანონდამრღვევი პირები პირველ ჯერზე გაფრთხილებას მიიღებენ, შემდგომ კი დაჯარიმდებიან.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, ჯარიმა ტროტუარზე გაჩერებისთვის 10 ლარს გულისხმობს, იმ შემთხვევაში, თუ გზაზე მოძრაობის შეზღუდვა დაემატება, ჯარიმა 500 ლარით განისაზღვრება. ჯავახიას მტკიცებით, ტროტუარზე პარკირების პრობლემა მწვავე გამოწვევაა ქალაქისთვის და აუცილებელია მისი მოგვარება.
„სამი დღეა, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა დავიწყეთ მონიტორინგი, ხდება მძღოლების გაფრთხილება, რომ არ გააჩერონ ავტომობილები ტროტუარზე. გარდა იმისა, რომ პრობლემა ექმნებათ ფეხით მოსიარულეებს, ზიანდება ტროტუარები, ამიტომ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. პირველ ჯერზე გაფრთხილდებიან, შემდეგ დაჯარიმდებიან, ამით დაიწყება ამ პრობლემის მოგვარება“, - განაცხადა ჯავახიამ. მისი თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში ახდენენ მონიტორინგს.
ქუთაისში პარკირების საკითხი მერიის შპს „პარკინგსერვისის“ პრეროგატივაა. შპს ამ დროისთვის პარკირების ადგილებს აკონტროლებს. კითხვაზე, რატომ არ იყო შესაძლებელი პარკირებაზე კონტროლი, მათ შორის ტროტუარებზე, სრულად გადაცემოდა „პარკინგსერვისს“, ჯავახია პასუხობს, რომ დებულებით „პარკინგსერვსს“ ტროტუარები არ ეხება და შესაბამისად, ამ საკითხზე მსჯელობა არც ყოფილა.
მერიის ინიციატივას დადებითად აფასებენ მოქალაქეები, თუმცა ავტომობილების მფლობელები პარკირების ადგილების პრობლემაზე საუბრობენ. მათი თქმით, ქალაქში, სტრატეგიულ ადგილებზე საპარკინგე ადგილები არ არის და ავტომობილების გაჩერება შეუძლებელია.
პრობლემაზე საუბრობს ზვიად ჯავახიაც. მისი თქმით, ადგილები არაა საკმარისი, თუმცა ყველაფერში ნეგატივის დანახვა არაა სწორი.
„ყველაფერში ნეგატივი უნდა დაინახონ. პარკირების ადგილებთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მერმაც არაერთხელ განაცხადა, რომ საჭიროა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც გადაადგილებას კომფორტულს გახდის, ასევე კარგია, რომ მრავლადაა ავტომობილები, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია ეკონომიკური ზრდის. შესაბამისად, ვმუშაობთ მაგ საკითხზე, რომ იყოს მეტი ადგილი, მაგრამ ის, რომ ტროტუარზე დააყენონ, არასწორია. ვზრუნავთ ფეხით მოსიარულეების პრობლემაზე“, - განაცხადა ჯავახიამ.
მან ასევე განმარტა, რომ გაფრთხილება მიეცემა ყველა იმ პირს, რომელიც ავტომობილის არასწორად გააჩერებს, თუნდაც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი იყოს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















