ცაგერში დაპირისპირებისას ორი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა
ცაგერის რაიონში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, მოკლულია ორი პოლიციელი. ასევე, დაჭრილია ერთი პირი, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ლაჯანის საზოგადოებრივ ცენტრში მომხდარს წინ უძღოდა შელაპარაკება პოლიციელებს შორის. რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მათ ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევის ადგილას მისულ ექიმებს ერთი პირი გარდაცვლილი დახვდათ, მეორე კი საავადმყოფოში მისვლისთანავე დაიღუპა.
როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთი მოკლული "ქართული ოცნების" დეპუტატის, კარლო კოპალიანის სიძეა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილები მეგობრები იყვნენ.
დაჭრილის მდგომარეობა კი, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სტაბილურია. მას ჭრილობა მარცხენა ბარძაყში აქვს მიყენებული.
რეფერალური ჰოსპიტალის ექიმის თემურ აფხაძის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
"შემოიყვანეს 60 წლამდე მამაკაცი, მარცხენა ბარძაყის ზედა ნაწილში ჭრილობით, მას უტარდება კვლევები და მკურნალობა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება"-განაცხადა თემურ აფხაძემ.
ექიმი ვერ ადასტურებს, ჭრილობა რით არის მიყენებული, მისი თქმით, მამაკაცი ცაგერის საავადმყოფოდან დამუშავებული ჭრილობით შევიდა და მისთვის უცნობია, რა სახის ჭრილობაა. კითხვაზე, რატომ გახდა ქუთაისში გადაყვანა საჭირო, პასუხობს, რომ მამაკაცი დამატებითი კვლევების მიზნით გადაიყვანეს ქუთაისში.
საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















