|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ცენტრალურ ხელისუფლებას არ სურს ძლიერი თვითმმართველობები“

ქუთაისის თვითმმართველობამ წლების განმავლობაში უფუნქციოდ დატოვებული შენობები და მიწის ნაკვეთები აღნუსხა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში გადმოცემა სთხოვა. სამინისტრომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ქალაქს მის ბალანსზე არსებული 250 ათასი კვ.მ  მხოლოდ მიწის ნაკვეთი,  დაახლოებით 22 ჰექტარი  საკუთრებაში გადმოსცა.

ეკონომიკის სამინისტროს უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ  მოუწოდებენ   პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის  წევრები. მათი განცხადებით, სამინისტრომ ქალაქს  მის  ბალანსზე არსებული არა მხოლოდ მიწის ნაკვეთი, არამედ შენობები უნდა გადმოსცეს, რომელთაც ქალაქი სოციალური პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენებს.

"რამდენიმე ათეული შენობა არის ქუთაისში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ცენტრალურ ხელისუფლებას არ უნდა ამ ქონების დათმობა. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის მიღების დროსაც არ დათმეს ეს შენობები. არადა, უპატრონოდ დატოვებული ობიექტები უყურადღებობით ინგრევა, ქალაქს კი შენობების პრობლემა აქვს. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა ბინის პრობლემას ვერ აგვარებს, ამ დროს კი ეკონომიკის სამინიტრო შენობებს ანადგურებს“, –განაცხადა გოგი წულაიამ.

შენობების გადმოცემა  რომ აუცილებელია, ადასტურებს საკრებულოს დეპუტატი სამსონ გუგავა. "ლეიბორისტ" დეპუტატს შენიშვნები, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მისამართით აქვს.

"აუცილებელია, მოხდეს ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობების აღწერა და მერიისთვის გადმოცემა, მაგრამ არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება ამ საკითხის მოგვარებას არ ჩქარობს. ადგილობრივი არ მიმართავს ცენტრალურს შენობების გადმოცემის მოთხოვნით,  ცენტრალური კი თავს იკავებს ქონების გადმოცემისგან,  რისი მიზეზიც არის ის, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას არ სურს რეალური დამოუკიდებელი თვითმმართველობების მიღება. თვითმმართველობა კი, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ვერ გახდება დამოუკიდებელი, თუ მას არ ექნება საკუთარი შემოსავალი. ეს არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ ყველა თვითმმართველობის პრობლემაა, რადგან მათ ზუსტად არ იციან, რა ქონებას ფლობენ. რაც შეეხება საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეყვანილ ობიექტებს, ესენი ძირითადად მიწის ნაკვეთებია, რაც დიდ შემოსავალს ვერ მოუტანს ქალაქს",–განაცხადა გუგავამ.

სამინისტროს მიერ გადმოცემული ქონება ქალაქის შემოსავლის გაზრდის წყაროდ მიაჩნია ქალაქის მერს.  შოთა მურღულიას თქმით, სამინისტროს მიერ უკვე გადმოცემული ფართების გასხვისება მოხდება.

 „250 ათასი კვადრატი არის დაახლოებით 22 ჰექტარი. ჩვენ ეს ტერიტორია აღვნუსხეთ და მისი გასხვისებით, ქალაქს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება. ეს ტერიტორია არის როგორც ქალაქის ცენტრში, ასევე გარეუბნებშიც“, - განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისის მასშტაბით მიტოვებულ შენობებში რამდენიმე ასეული ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ყოველდღიურად გამოსახლების მოლოდინში არიან. მერიამ არაერთხელ დაანონსა საკუთარ ბალანსზე არსებული ქონების აღრიცხვა და საბინაო ფონდის შექმნა, მაგრამ ამ დრომდე ეკონომიკის სამინისტრო  შენობების გადმოცემის საკითხზე  გადაწყვეტილებას ვერ იღებს.  მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით, მერია ეკონომიკის სამინისტროს პასუხს ელოდება, რის შემდეგაც საბინაო ფონდისათვის  ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ათვისება მოხდება. 

„ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან, რომ მათ ბალანსზე არსებული შენობები გადმოგვეცეს, რის შემდეგაც დავიწყებთ სამუშაოებს. ბიუჯეტში გამოყოფილია 300 000 ლარი, რის ფარგლებშიც მოხდება შენობების რესტავრაცია, რომ მოსახლეობა, რომელთაც საცხოვრებელი ფართი არ აქვთ, ამ შენობებში შევუშვათ. ამასთან ერთად სოციალურ სამსახურთან თანამშრომლობით მოხდება საჭირო კრიტერიუმების დადგენა, რომლის  შემდეგაც გვეცოდინება, ვის ესაჭიროება პირველ ეტაპზე საცხოვრებელი. მთავარია, სამინისტრომ შენობები დროულად გადმოგვცეს“, -განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

"ნიუპრესი" დაინტერესდა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული რომელი შენობები და მიწის ნაკვეთები გადაეცა ქალაქს (რა მოცულობის) და იგეგმება თუ არა კიდევ მერისაათვის ქონების გადაცემა? ამ კითხვებით ეკონომიკის სამინისტროს წერილობით მივმართეთ, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.  ასევე ვერ მივიღეთ პასუხი ეკონომიკის სამინისტროსათვის მინიჭებული პრეროგატივის ფარგლებში ქუთაისის მერიის მოვალე "შიტრიტ ჯგუფს" 10 მილიონის ჯარიმა ჩამოეწერა თუ არა და კომპანიის მიერ წლების წინ შეძენილი, რომელი შენობები  დაუბრუნდა ქალაქს ვალის სანაცვლოდ.

სამინისტროს პასუხის მოლოდინშია ქალაქის ხელმძღვანელობა. პასუხის მოლოდინში არიან შენობებში უკანონოდ შესახლებული მოქალაქეებიც, რომელთათვისაც ის ერთადერთი საცხოვრებელია.  იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო ქონების გასხვისებას გადაწყვეტს, მათ ალტერნატიული ფართის მოძიება მოუწევთ, ან თავშესაფრის მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ, რომელსაც ამ დროისთვის 1000–მდე მოქალაქის განცხადების დააკამყოფილა ვერ შეძლო.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი