ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
ჩეხურმა ორგანიზაციამ ,,ადამიანი გაჭირვებაში” (PIN) ქუთაისში შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. პროექტის „გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ შემაჯამებელ შეხვედრას შეხეთის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„შევაჯამეთ ჩვენი მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ადგილობრივ დონეზე მმართველობის ეფექტურობის გაზრდას. ეს გამოცდილება დაეხმარებათ სხვა მუნიციპალიტეტებსაც, ისარგებლონ მსგავსი მიდგომებით მოსახლეობასთან მიმართებაში და ხელი შეუწყონ ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას“,–განაცხადა პროექტის მენეჯერმა ნანა ყურაშვილმა.
ამ ეტაპზე ჩეხური ორგანიზაციის პროექტში იმერეთის სამი რაიონია ჩართული. სამტრედია, თერჯოლა და ტყიბული აქტიურად თანამშრომლობენ ორგანიზაციასთან და ამ რაიონებში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. დღესვე განხორცილებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ჩეხეთის მხარდაჭერა და ის პროექტი, რომელიც იმერეთის რეგიონში ხორციელდება. მისივე განცხადებით, იმერეთის რეგიონი აქტიურად თანამშრომლობს ამ ორგანიზაციასთან და იმედოვნებს, რომ მომავალში სხვა მუნიციპალიტეტები აქტიურად ჩაერთვებიან. პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჩეხეთის ელჩმა საქართველოში ტომაშ პერნიცკიმ, რომლის განცხადებითაც, მუნიციპალიტეტების დონეზე ადგილობრივი დემოკრატიის დამკვიდრება მნიშვნელოვანია. მან, ასევე აღნიშნა, რომ პროექტი „ადამიანი გაჭირვებაში“ მომავალშიც გაგრძელდება და ბევრად მეტ ადგილობრივს მოიცავს.
ავტორი:





16:29
18:25
15:07
12:11
















