"დაუყოვნებლივ გადადგნენ დავით დვალი და ბექა ყანჩელი"
"გადადგნენ დავით დვალი და ბექა ყანჩელი" –ეს განცხადება დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წევრებმა გააკეთეს. მათი განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს არ აქვთ უფლება აღნიშნულ თანამდებობზე დარჩენის.
როგორც ორგანიზაციის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა გია გოქაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თანამდებობის პირების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტი დაუსჯელი და გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს.
"ყველას ახსოვს ცნობილი ფაქტი, რომელიც მოხდა პირველ ოქტომბერს, სულხან ქობულაძემ გააკეთა განცხადება, რომ ის გაიტაცეს და ცემეს. მესამე თვეა მიმდინარეობს გამოძიება და ამ ხნის განმავლობაში დვალმა რამდენჯერმე შეიჩერა უფლებამოსილება, ამ დროს კი ხდება ამ ადამიანის რეაბილიტაცია, ის გაუშვეს სიმპოზიუმზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ ღონისძიებებში და საერთოდ არ ჩანს, რომ ის გადამდგარია თანამდებობიდან. ის ფაქტი, რომ მას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ აქვს შეჩერებული, არაფერს ცვლის, რადგან საკრებულოში 24 დეპუტატია და რატომ სხვები არ დადიან? ამიტომ დვალს და ყანჩელს არ აქვთ ულება იყვნენ თანამდებობებზე. ისინი უნდა გადადგნენ და მოხდეს საქმის გამოძიება", –განაცხადა გოქაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტის გარშემო მთელი საკრებულო საეჭვოდ დუმს და განცხადება მხოლოდ დვალის ხელფასთან დაკავშირებით გაკეთდა. გოქაძე ასევე აცხადებს, რომ დვალის რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართულები იმერეთის გუბერნატორი და ქუთაისის მერი.
"თავმჯდომარე, რომელმაც ლიტერატურული ტერმინის "ყვარყვარეს" გამო ცემა მოქალაქე, არ უნდა იყოს "გაპიარებული" მერის მიერ, პირიქით, მას უნდა ესმოდეს, რომ ქალაქს არ სჭირდება მოძალადე საჯარო მოხელეები. მე არ გამოვრიცხავ, რომ სულხან ქობულაძემ შეცვალოს ჩვენება, რაც იქნება გაცილებით ცუდი ფაქტი, რადგან მასზე მოხდება ზეწოლა", –განაცხადა გოქაძემ. მას ასევე იმ მეოთხე პირზე ისაუბრა, რომელიც სულხან ქობულაძის განცხადებით, მას ცემდა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცემაში მონაწილე მეოთხე პირი საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ლევან გოგელაშვილია.
გოქაძის ბრალდებას საკრებულოს თავმჯდომარემ არ უპასუხა. პრესსამსახურის განცხადებით, მსგავს ბრალდებებზე დავით დვალი კომენტარს არ გააკეთებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















