დევნილთა განსახლების კრიტერიუმების გადახედვა მოხდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დევნილებთან და ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დევნილების ნაწილი, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების გადახედვას მოითხოვს.
სამინისტრო კრიტერიუმების საკითხს უახლოეს დღეებში განიხილავს და ამ პროცესში თავად იძულებით გადაადგილებული პირებიც იქნებიან ჩართულები.
მინისტრის თქმით, დევნილთა განსახლების მიზნით 2012 წლიდან ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. 2012 წელს ეს იყო 28 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, თანხამ 135 მილიონი ლარი შეადგინა. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 328 მილიონია გამოყოფილი.
დავით სერგეენკოს თქმით, ბიუჯეტის მკვეთრი ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1.9 მილიარდ ლარამდე ესაჭიროება.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ხდება. თითოეულ დევნილ ოჯახს ენიჭება ქულა, რაც საცხოვრებელი ფართის გადაცემის რიგითობას განსაზღვრავს.
დევნილებს ქულები ენიჭებათ, თუ ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს ორი ან მეტი არასრულწლოვანი წევრი, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ან ონკოლოგიური ავადმყოფი და სხვა. ქულები ასევე ენიჭება, დევნილ ოჯახს, რომლის წევრიც გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ან ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ქულა ენიჭება ოჯახს, რომლის წევრიც არის ომი ვეტერანი.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















