"დევნილები უხარისხოდ აშენებულ შენობაში შეასახლეს და ფული თავად მიითვისეს" - აქცია ქუთაისში [PHOTO/VIDEO]
ქუთაისში ახლადაშენებულ კორპუსებში შესახლებული დევნილები დახმარებას ითხოვენ და არასათადო პირობებზე საუბრობენ. დევნილების განცხადებით, შენობაში ლიფტი სიცოცხლისთვის საშიშია და ადგილობრივები ვერ სარგებლობენ. მათი თქმით, 14 სართულიან კორპუსში ფეხით უწევთ გადაადგილება. ამასთან, აცხადებენ, რომ შენობაში წყალი ჩადის და დაზიანებულია კედლები.
"ახლადაშენებულ კორპუსში არასათანადო პირობებში ვართ, სხვა პრობლემებთან ერთად გვაქვს ლიფტის პრობლემა. ავარიულია და გვეშინია შესვლა. სენსორები არეულია და დარბის ზევით-ქვევით. მხოლოდ ეს არაა პრობლემა, სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. მშენებელი კომპანიის "დიზაინკომპლექსის" თავმჯდომარეს ზურაბ გუბელაძეს მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ, არ აინტერესებთ ჩვენი პრობლემა, არც დევნილთა სამინისტო ინტერესდება და ვართ ასეთ გაურკვევლობაში"-განაცხადა ბინათამხანაგობის თავმჯდომარემ ვეფხია მიქაუტაძემ.
ადგილობრივების განცხადებით, შენობის სარფადში, სადაც ელექტროსადენები გადის წყალი დგას და ყოველდღიურად საფრთხის წინაშე არიან.
ადგილობრივებს სოლიდარობას უცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველო". პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, სამინისტრომ დევნილები უხარისხოდ აშენებულ შენობაში შეასახლა, მადლობა გადაახდევინა, ტაში აკვრევინა და თავად ფული მიითვისეს.
წულაია ბრალს დევნილთა ყოფილ მინისტრს სოზარ სუბარს სდებს და მის პასუხისმგებლობას მოითხოვს.
კორპუსი 2017 წელს აშენდა, იქ 110 ოჯახი ცხოვრობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ამ დროისთვის კომენტარი არ გააკეთეს, "ნიუპრესს" პრესსამსახურში განუცხადეს, რომ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში განმარტება მოგვიანებით გაკეთდება.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















