|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დინოზავრები თეთრ ხიდთან - პროექტი დაპატენტებულია

პროექტი, რომელიც მდინარე რიონზე, თეთრ ხიდსა და რუსთაველის ხიდებს შორის დინოზავრების სკულპტურების დადგმას ითვალისწინებს, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.  ესკიზის ავტორი დავით კაკაბაძის სახელობის ხელოვნების გალერეის დირექტორის მოადგილე,  მოქანდაკე გიორგი ლომთაძეა. 

როგორც გიორგი ლომთაძემ "ნიუპრესს" განუცხადა, ქუთაისს აკლია არაორდინალური პროექტები.

"გასაგებია, დინოზავრების ლეგენდა არსებობს, მაგრამ მას ტურისტი ვერ დაინახავს, საჭიროა, ქალაქში მეტი ადგილი იყოს, რომელიც მნახველზე შთაბეჭდილებას მოახდენს და დაამახსოვრდება, ისტორიული ძეგლები გვაქვს ღვთის წყალობით და ჩვენი წინაპრების ღვაწლით, მაგრამ  საჭიროა ისტორიის გაგრძელება, არაორდინალური პროექტები კი ჩვენს ქალაქს აკლია", -განაცხადა ლომთაძემ.

პროექტი, რომელიც მან უკვე დაიპატენტა, სამი დინოზავრის თეთრ ქვებზე განთავსებას გულისხმობს.  წყლის დონის ცვალებადობასთან ერთად დინოზავრები მდინარეში ხან გაუჩინარდებიან, ხან კი გამოჩნდებიან.  დინოზავრის ფიგურა 5 მეტრის სიმაღლის უნდა იყოს.  ავტორის ჩანაფიქრით, მის მხრებზე პატარა ბიჭის ფიგურა უნდა მოთავსდეს, რომელიც თითქოს მდინარიდან გამოყავს. ფიგურების განათება კი იმგვარად უნდა მოხდეს, რომ სასურველი ეფექტი შეიქმნას.

 ლომთაძის თქმით, მსგავსი კონსტრუქციის დამაგრება, ისე, რომ მდინარის დინებამ არ წაიღოს, შესაძლებელია. 

როგორც ყველა პროექტი, რიონში მოცურავე დინოზავრების პროექტის განხორციელებაც დაკავშირებულია ხარჯებთან, თუმცა ავტორი მიიჩნევს, რომ ასეთ საქმეში დაბანდებული ფული ქალაქს უკან დაუბრუნდება. მისი თქმით, შესაძლოა, პროექტით სპონსორის დაინტერესებაც.

დინოზავრების პროექტის შესახებ იციან ქალაქის მერიაში. როგორც ლომთაძეს განუცხადეს, თეთრი ქვები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული და მასზე რაიმე ჩარევის განხორციელება კულრტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან უნდა შეთანხმდეს. 

თუმცა, ვიდრე ოფიციალური უწყებებში ძეგლის ბედი გაირკვევა, მოქანდაკეს საზოგადოების აზრი აინტერესებს. მან კომპოზიციის ესკიზი სოციალურ ქსელში განათავსა და დაინტერესებულ პირებს მსჯელობისაკენ მოუწოდა.  "ჩემთვის, როგორც ავტორისათვის, საინტერესოა საზოგადოების მოსაზრება კომპოზიციის შესახებ,"-აცხადებს მოქანდაკე.

ამ თემაზე:

 ინტერვიუ გიორგი ლომთაძესთან -"ქუთაისს ჭირდება ბევრი ადგილი, რომელიც მნახველზე შთაბეჭდილებას მოახდენს"

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა