|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეწყდება თუ არა 2 მაისს ქუთაისის საჯარო სკოლებში სწავლა?

ორმაისობის ღონისძიებები დილიდან იწყება, თუმცა ეს დღე ოფიციალურად დასვენების დღე არ არის. სასწავლო დაწესებულები ამ დღეს ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას, თუმცა ბავშვების უმეტესობა ამ დღეს სკოლაში წასვლას არ აპირებს, რაც მათ არასაპატიო გაცდენაში ჩაეთვლებათ. 

"მეგობრები შევთანხმდით და 2 მაისს სკოლაში არ მივდივართ, ერთმანეთს ბულვარში შევხვდებით, ბევრი საინტერესო ღონისძიება იმართება, რამდენიმე მათგანში ჩვენი ნაცნობებიც მონაწილეობენ, გვინდა, ღონისძიებებს დავესწროთ", -უთხრა "ნიუპრესს" ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ.

ქალაქში სასწავლო პროცესის შეფერხების მიზეზი ცენტრალური გზების გადაკეტვაც ხდება.

"ჩვენს კლასშიც არ მოვლენ ბავშვები, გზები გადაკეტილი იქნება და ტრანსპორტირების პრობლემები იქმნება ამ დროს. წინა წელს მოგვიხდა ქალაქის ერთი უბნიდან მეორეში ფეხით გადაადგილება", - განაცხადა სხვა საჯარო სკოლის მოსწავლემ.

"მე სკოლასთან ახლოს ვცხოვრობ, მაგრამ სხვა ბავშვები ვერ მოდიან და გაკვეთილები არ გვიტარდება, თუმცა სკოლიდან არ გვიშვებენ. ჩვენც გვინდა ქალაქში გასვლა და ღონისძიებებზე დასწრება,"-აღნიშნა ასევე საჯარო სკოლის მოსწავლემ.

ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგის თქმით კი, სურვილის შემთხვევაში, პრობლების გადაჭრა შესაძლებელია. 

"ცუდია, რომ ბავშვებს თავიდან დარღვევისაკენ ვუბიძგებთ. ჯობდა, რომ ქალაქს ეს დღე სასწავლო დაწესებულებებში დასვენების დღედ გამოეცხადებინა. ამის გაკეთების უფლება სკოლასაც კი აქვს, რომელიმე დღე დასვენების დღედ გამოაცხადოს, სანაცვლოდ კი მეცადინეობები დასვეენის დღეს, მაგალითად, შაბათს გადაიტანოს. მასწავლებლები სკოლაში უნდა ვიყოთ, თუმცა ჩვენც დიდი სიამოვვნებით შევუერთდებოდით ქალაქის ზეიმს. ამდენი ძალისხმევა, მათ შორის ფინანსები  იხარჯება  და თუ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები არ დაესწრებიან ღონისძიებებს, აბა, ვისთვის კეთდება?"-განაცხადა პედაგოგმა, რომლის სახელის დაკონკრეტებას მოვერიდეთ. 

ქუთაისის განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის ბადრი ვაშაკიძის განცხადებით, სკოლებს მათთვის  ასეთი მოთხოვნით არ მიუმართავთ. "თუკი ასეთი მოთხოვნა იქნებოდა, ჩვენც რეაგირებას მოვახდებდით",- განაცხადა მან.

სწავლის პროცესი  2 მაისს ოფიციალურად მხოლოდ პირველ და მესამე საჯარო სკოლებში შეწყდება. როგორც ბადრი ვაშაკიძემ ნიუპრესთან საუბარში აღნიშნა, ამ მოთხოვნით მათ ქალაქის მერიამ მიმართა. მიზეზად კი ამ სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე საავტომობილო გზების გადაკეტვა დასახელდა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა  2 მაისს, დილის 8 საათიდან გადაიკეტება.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა