დღეიდან საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება
დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. საქართველო საფრანგეთისგან თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გადმოიბარებს, რომელიც დღეს სტრასბურგში გაიმართება.
ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნად ქვეყნის ყველა ადმინისტრაციული შენობაზე ევროსაბჭოს ბანერები არის გადმოფენილი. იმერეთის მხარის რწმუნებულის განცხადებით, ამ ჟესტით ფაქტისადმი დამოკიდებულებას გამოვხატავთ.
"რა თქმა უნდა, იმერეთი სიამაყით უერთდება ამ ისტორიული დღის აღნიშვნას - სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ქუთაისის მერიის შენობაზე გადმოფენილი ბანერებით ამ უმნიშვნელოვანესი დღისადმი ჩვენს დამოკიდებულებას გამოვხატავთ.
მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ევროსაბჭოში პრიორიტეტულ თემებს სწორედ საქართველო განსაზღვრავს, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყანა ღირსეულად და წარმატებით გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას.
საქართველო ევროპის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია - მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში!"-განაცხადა იმერეთის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს საფრანგეთის მხრიდან ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები გადმოეცემა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს, სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ამელი დე მონშალენი გადასცემს.
ცერემონიის ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი. აღსანიშნავია, რომ ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი მორთული ტრამვაი ქ. სტრასბურგში 6 თვის განმალობაში იმოძრავებს.
საქართველოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად ქ. სტრასბურგში 2019 წლის 3 დეკემბერს გაიმართება საქართველოს ნაციონალური ბალეტის - სუხიშვილების კონცერტი.
თავმჯდომარეობის 6 თვის განმალობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















