თბილისის სასამართლომ სამ ოპოზიციონერ ლიდერს პატიმრობა შეუფარდა
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ოპოზიცონერ ლიდერს შეუფარდა პატიმრობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო. ცოტა ხნის წინ მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა „ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ზვიად შარაძის ამ გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. იგივე განაჩენი დღეს გამოცხადდა „ლელო ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიმართ.
დილით კი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიესაჯა.
პოლიტიკოსებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შეგახსენებთ, იგივე ბრალდებებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები ნიკა მელია, ნიკა გვარამია. წინასწარ პატიმრობაშია ასევე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. განაჩენის მოლოდინშია კიდევ ერთი პოლიტიკოსი გიორგი ვაშაძე.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ამ დრომდე პარტიის ოფისში იმყოფებიან. „ლელოს“ ოფისში პოლიტიკოსები არიან შეკრებილები, მათ მხარდასაჭერად ადგილზე მივიდა მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
ავტორი: