ექნება თუ არა 2016 წელს ქუთაისს განვითარების გეგმა?
ქუთაისის განვითარების გეგმაზე მუშაობა მომავალ წელსაც გაგრძელდება, რისთვისაც 2016 წლის ბიუჯეტში 100 000 ლარია გათვალისწინებული. აღნიშნულ თანხაში წლის ბოლოს თვითმმართველობამ ქუთაისის განვითარევის სტრატეგიული გეგმა უნდა წარადგინოს. წელს კი თვითმმართველობა მხოლოდ ქალაქის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას წარადგენს.
ქუთაისის ვიცე–მერის კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, თვითმმართველობის პარალელურად გეგმაზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. „წელს მოხდება განვითარების გეგმის სტრატეგიის წარდგენა, შესრულებულ სამუშაოებს მოსახლეობას გავაცნობთ. ამასთან ერთად მიმდინარეობს გეგმაზე მუშაობა. მხოლოდ თვითმმართველობა არ მუშაობს, ამაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული. ჩვენის მხრივ, ვაგრძელებთ მუშაობას, ასევე დონორი ორგანიზაციები ასრულებენ მასშტაბურ სამუშაოებს. გამოყოფილი თანხის სეგმენტებად დაყოფა მოხდება, რომ განისაზღვროს ქალაქის ეკონომიკურის პოტენციალი. 2016 წლის ბოლოსათვის გვექნება ქალაქის განვითარების გეგმა, რომელზე მუშაობაც არ ყოფილა მარტივი“,–განუცხადა კოტე ქავთარაძემ "ნიუპრესს".
განვითარების გეგმის შესადგენად მერიამ მოსახლეობას ჩართულობისკენ არაერთხელ მოუწოდა. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქალაქის განვითარების ხედვა და იდეა თვითმმართველობისთვის, როგორც შეხვედრებზე, ასევე ელექტრონული ვერსიით მიეწოდებინათ. განვითარების გეგმა არის დოკუმენტი და პროექტი, რომლის გვედის ავლით ქალაქში ვერცერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ვერ განხორციელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:32
16:29
18:25
15:07
















