|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეთრ ხიდზე" ტერენტი გრანელის ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე მიუთითეს

„პირველად შემრცხვა ასე ძალიან მგონი ცხოვრებაში და სასწრაფოდ წამოვედი, სხვები აღარც წამიკითხავს.  ეს სიტყვები,  რომელსაც თქვენ ეხლა ფოტოზე ხედავთ, აღებულია ლექსიდან "აღსარება ქუთაისს" და ეკუთვნის ტერენტი გრანელს"–ამგვარად ეხმიანება "თეთრ ხიდზე" დატანილ ერთ–ერთ ციტატას აკაკი მამრიკიშვილი.

მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ამ უხერხულ შეცდომაზე. მისი თქმით, ტერენტი გრანელის ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძეა მითითებული.

 „დღეს პირველად გავიარე "განახლებულ" თეთრ ხიდზე, რომელიც ზარ-ზეიმით გახსნილა რამოდენიმე დღის წინ. ჩემი ყურადღება, ნაკლებად იყო გამახვილებული ხიდის არქიტექტურულ თუ ვიზუალურ მხარეზე, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, რადგან ამ სფეროს შეფასების კრეტერიუმებში მოვიკოჭლებ, მოკლედ ბევრი არაფერი გამეგება რა. თან პირადად ჩემთვის სიტყვა "თეთრი ხიდი" თავად ქმნის ვიზუალს, არაფრის დამატება და შელამაზება არ ჭირდება, ეს ორი სიტყვა თავად მეუბნება სათქმელს, სამაგიეროდ ჩემში მძაფრ ინტერესს იწვევდა ლითონის ფილებზე, ამოტვიფრული ქუთაისისადმი მიძღვნილი სტრიქონები, ვფიქრობდი, ქუთაისზე ქართული კულტურისა და პოეზიის მექაზე, რომელსაც სხვადასხვა ეპოქაში, უამრავმა გენიოსმა უძღვნა სადიდებელი და სალაღობო, რომელი ერთი გამოარჩიეს მეთქი, ან ამ პატარა ხიდზე ყველას როგორ დაატევდნენთქო?
3-4 წარწერის წაკითხვის შემდეგ მივადექი იმ ფილას, რომელსაც თქვენ ეხლა ხედავთ ფოტოზე და ავტორის(კოლაუ) წაკითხვის შემდეგ საოცარი გრძნობა დამეუფლა, სიტყვებით ძნელია ამის გადმოცემა, პირველად შემრცხვა ესე ძაან მგონი ცხოვრებაში და სასწრაფოდ წამოვედი, სხვები აღარც წამიკითხავს!
ეს სიტყვები, რომელსაც თქვენ ეხლა ფოტოზე ხედავთ, აღებულია ლექსიდან "აღსარება ქუთაისს" და ეკუთვნის ტერენტი გრანელს.
კოლაუს და მის შემოქმედებას უდიდეს პატივს ვცემ, მიტაცება და მიმატება ნამდვილად არ სჭირდება, თუნდაც ეს ტერენტისგან იყოს...
ამ სისულელის გამკეთებელი ან ნამდვილი უვიცია ან კიდევ ფეხებზე კიდია ჩვენი ქალაქი და მისი მთავარი სიამაყე,
იმედი მაქვს, შესაბამისი სამსახურები სასწრაფოდ, გამოასწორებენ ამ შეცდომას.
ეს, რომ "სევდის მეფეს" წააკითხა, პირველად გაიღიმებდა ცხოვრებაში, ცოცხალი არავის ვახსოვდი და მკვდარიც არავის ვახსოვარო!!!
უვიცებო, "მისი გვარი გრანელი პოეზიას დარჩება!"–წერს აკაკი მამრიკიშვილი.

მის პოსტს მალევე გამოეხმაურა მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი თამთა თურმანიძე. ის მადლობას უხდის აკაკი მამრიკიშვილს და ტექნიკური შეცდომის გამოსწორების პირობას დებს.  

"სასიხარულოა, რომ თეთრი ხიდის წარწერები ასეთი დიდი ინტერესის საგანი გახდა. უამრავი ადამიანი მიდის, კითხულობს, ამოწმებს და ზოგჯერ, ალბათ, თავისთვის ბევრ საინტერესოს და ახალს აღმოაჩენს ხოლმე. ამ წარწერებზე მუშაობის განმავლობაში მართლაც ბევრი საინტერესო და შეიძლება აქამდე ნაკლებად ცნობილი ფრაზა აღმოჩნდა, რომელიც ჩვენი ქალაქის ისტორიას სრულიად განსხვავებულად წარმოაჩენს. იქნება ეს აპოლონიოს როდოსელის, პროკოპი კესარიელის, აკაკი წერეთლისა თუ რეზო გაბრიაძის გამონათქვამები ქუთაისის შესახებ, რომლებიც, ერთის მხრივ, ქალაქის სიძველეს უსვამს ხაზს და მეორეს მხრივ, ამ დიდებული ადამიანების ქუთაისთან პირად, ემოციურ დამოკიდებულებას ავლენს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ ფრაზებს ასეთი ყურადღებით ახალი თაობა კითხულობს და განსაკუთრებული მადლობა აკაკი მამრიკიშვილს ამ აღმოჩენისთვის! რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ეს ტერენტი გრანელის ფრაზაა, მაგრამ სამწუხაროდ, ხანდახან იპარება ხოლმე ყოვლად გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეცდომები, რომლებისგანაც არავინ არის დაზღვეული, რისთვისაც მე პირადად გიხდით ბოდიშს! საბედნიეროდ, ამ შეცდომის გამოსწორება ნამდვილად არ არის ძნელი და მალევე აღმოიფხვრება. კიდევ ერთხელ მადლობა!",-წერს თამთა თურმანიძე.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, "თეთრ ხიდზე" დასატანად ციტატები მერის მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციით შეირჩა.

ავტორი: ნიუპრესი