|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფარული ჩანაწერები და "რუსთავი 2"

"ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობრივი ქმედება, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ინიცირებული. ამ შემთხვევაში სწორედ ჩვენ ვართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხის ქვეშ. იმ შემთხვევაში თუ არ იქნება აცილებული თავიდან ძალადობრივი ქმედებები, ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დაეკისრება",- აცხადებენ  "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები გუშინ გავრცელებული ცნობილი ჩანაწერების შემდეგ.

ჟურნალისტები აქვე ხელისუფლებისაგან განმარტებას ითხოვენ  უკრაინულ მედიაში გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობის,  მისი მოპოვების კანონიერების შესახებ, ასევე  იმის, თუ როგორ მოხვდა ეს აუდიო მასალა უკრაინულ ინტერნეტ სივრცეში. აქვე აღიარებენ,  რომ ჩანაწერებში არის ისეთი ინფორმაცია, რომელთა შინაარსი მოქალაქეებისა და უპირველესად მათი სიცოცლისათვის საფრთხის შემცველია.

 "რუსთავი 2" პასუხისმგებლობის ტვირთის აკიდებას აქაც მხოლოდ ხელისუფლებისათვის ცდილობს და ბრალს დებს მასში,  რომ მაშინვე არ განახორციელა ქმედითი ღონისძიებები, მიუხედავად იმისა, რომ  საქმე 315-ე, შეთქმულების მუხლით  რამდენიმე დღის წინ აღიძრა. "ასევე მოვითხოვთ ხელისუფლებამ განმარტოს ამ ჩანაწერების წარმომავლობა, მოპოვების კანონიერება და ის, თუ როგორ მოხვდა ეს აუდიო მასალა უკრაინულ ინტერნეტ სივრცეში. ასევე ვითხოვთ დამატებით გამნმარტებებს, რატომ არ გაასაჯაროვა ეს ჩანაწერები მათი მოპოვებისთანავე, რამდენადაც ჩანაწერებიდან სავარაუდოდ ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა მათი შინაარსი ამ ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ყოფილიყო". 

 ტელეკომპანიის წარმომადგენლები მოთხოვნას თავიანთ ხელმძღვანელობასაც უყენებენ, რომ არ დაუშვას მათ ტერიტორიაზე უცხო პირების შემოსვლა, თუნდაც "მხარდამჭერების": "ჩვენ ვაცხადებთ, რომ შევინარჩუნებთ დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას და გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ჩვენი და თავისუფალის სიტყვის დაცვის ერთდაერთი საშუალება მხოლოდ კამერა და მიკროფონია. მოვუწოდებთ სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობას, შესაძლო გართულებების თვიდან ასაცილებლად, არ დაუშვას ტელეკომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირები, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები," -ნათქვამია განცხადებაში. 

გუშინ,  მიხეილ სააკაშვილისა, გიგა ბოკერიასა და ნიკა გვარამიას სატელეფონო  აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც საუბარია მოვლენების რევოლუციური გზით განვითარების შესაძლებლობაზე. ფარული ჩანაწერის ავთენტურობა უკვე დაადასტურეს ნიკა გვარამიამ და გიგა ბოკერიამ, თუმცა ისინი ამ ჩანაწერის შესახებ პრობლემას მხოლოდ იმაში ხედავენ, რომ ხელისუფლება მათ უსმენს. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი უკრაინულმა მედია საშუალებამ გაავრცელა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელის ბოკერიამ გუშინ მოიხსენია, როგორც პრეზიდენტი, საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს.

ავტორი: ირინა მაკარიძე