„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ დაამტკიცა კანონი, რომელიც ხელისუფლების არაღიარებას კრძალავს
პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც სხვა აკრძალვებთან ერთად ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარებას კრძალავს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები და საკანონმდებლო ნორმები კიდევ უფრო მკაცრდება, მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9 კი წინააღდეგი წავიდა.
ცვლილებები შემდეგ კანონებში განხორციელდა: - „გრანტების შესახებ“ კანონი, „სისხლის სამართლის კოდექსი“, „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონი.
კანონპროექტის თანახმად, პირებს, რომლებსაც გრანტი კანონის ამოქმედებამდე აქვთ მიღებული, კანონის ამოქმედების შემდეგ 1-თვიანი ვადა ექნებათ, საქართველოს მთავრობას მიმართონ. თავის მხრივ, მთავრობასაც 1-თვიანი ვადა აქვს, გასცეს პასუხი - უთხრას თანხმობა ან უარი.
დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას - 6 წლამდე ვადით.
„სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლს დამამძიმებელი გარემოება ემატება. კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
კანონის პროექტით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს დაარღვევს - კერძოდ კი, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმიც. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
„სისხლი სამართლის კოდექსს“ კიდევ ერთი ახალი ნორმა დაემატა, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება იქნება. ასეთ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
სიახლეა ისიც, რომ „სისხლის სამართლის კოდექსში“ ჩაიწერა ახალი - 316-ე პრიმა მუხლი, სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.
ასეთი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 3 - წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
ცვლილებები მეწარმე სუბიექტების მიერ საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებითაც განხორციელდა. მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში მეწარმე სუბიექტებს პოლიტიკური აქტივობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება განხორციელდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში. კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, აეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში.
ტერმინი „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“, ტერმინით - „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“ ნაცვლდება და მისი შინაარსი ფართოვდება. კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისათვის, „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე“ სუბიექტებზეც გავრცელდება.
უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ავტორი:



21:35
16:01
















