|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაფიცული მეშახტეები პროცესებში მთავრობის წევრების ჩართვას ითხოვენ

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები პროცესებში სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.

"დღეს, ტყიბულში გაფიცვის პროცესის დაწყებიდან მე-10 დღეს, მიუხედავად დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნებისა, საწარმოს  პასუხისმგებელი პირები არ ხვდებიან დასაქმებულებს მათი მოთხოვნების განხილვის მიზნით. მიმდინარე პროცესზე არ რეაგირებს სახელმწიფო და დასაქმებულებს საწარმოსთან უთანასწორო დაპირისპირებაში მარტო ტოვებს",-აცხადებენ გაფიცულები.

ისინი საჭიროდ მიიჩნებენ მოლაპარაკებებების პროცესის დაწყებას შემდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობით:  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის;   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის;  ენერგეტიკის მინისტრის;  მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლის;  პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარისა და  პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის. გაფიცულები ასევე ითხოვენ პროცესებში საქართველოს სახალხო დამცველის უშუალო ჩართვას.

"მოვითხოვთ, დასახელებული თანამდებობის პირების მიერ გაკეთდეს საჯარო განცხადება მოლაპარაკების პროცესის დაუყოვნებლივი დაწყების თაობაზე და ხვალ მათი პირადი მონაწილეობით დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი ტყიბულში.  წინააღმდეგ შემთხვევაში საგაფიცვო კომიტეტი იქნება იძულებული მოიხსნას პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე"-ნათქვამია გაფიცულთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი