გამოიყენებს თუ არა ბაღების გაერთიანება დისციპლინარულ სასჯელს?
ქუთაისის სასამართლოში ბაღების გაერთიანებამ 187 თანამშრომლის წინააღმდეგ სარჩელი რომ შეიტანა, ადასტურებს გაერთიანების იურისტი. თუმცა, რამაზ იობიძე თანამშრომლების გათავისუფლებას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ გაერთიანებამ სასამართლოს მხოლოდ გაფიცვის კანონირების დასადგენად მიმართა.
"მოხდება თუ არა გათავისუფლება? მე, ამ საკითხში არ ვარ კომპეტენტური და ვერ გეტყვით, თუმცა, შემიძლია გითხრათ ხელმძღანელობის განწყობა, არ იგეგმება ამ ადამიანების გათავისუფლება. უბრალოდ, ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, დაადგინოს მათი გაფიცვა რამდენად კანონიერად მოხდა. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს არ იყო კანონიერი და რეალურად დაირღვა ბავშვების უფლებები, ამ შემთხვევაშიც კი, გაერთიანებამ, შესაძლოა, არ გამოიყენოს დისციპლინარული სასჯელი. უბრალოდ, ბაგა–ბაღების გაერთიანებას აქვს უფლება დაადგინოს გაფიცვის კანონიერება. მხოლოდ ამიტომ მივმართეთ სასამართლოს, დისციპლინარულ სასჯელის დაკისრებაზე საუბარი არაა, ზოგადად, ეს სასჯელი ითვალისწინებს გაფრთხილებას, შენიშვნას ან სამსახურიდან გაშვებას. თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, სანქციების ამოქმედებაზე ამ დროისთვის საუბარი არაა",–აცხადებს რამაზ იობიძე. ის აქვე აღნიშნავს, რომ თანამშრომლებისათვის ხელფასის დაქვითვა არ წარმოადგენდა დისციპლინარულ სასჯელს, რადგან მხოლოდ გაცდენილი საათების ანაზღაურება არ მოხდა.
კითხვაზე, რატომ არ მიიღო სასამართლოს საქმე განხილვაში 4 იანვრს მიმართვისას, გვპასუხობს, რომ იყო რაღაც ნიუანსები, რომელთა დაზუსტებაც მოითხოვა მოსამართლემ. ერთ–ერთი მოთხოვნა იყო საჯარო რეესტრის ამონაწერი, იმის შესახებ რეალურად იყო თუ არა ეს ბაღები გაერთიანების დაქვემდებარებაში. ამ დეტალების მოწესრიგების შემდეგ მოსამართლემ საქმის განხილვა დაუშვა. რა თქმა უნდა, მოსამართლეზე არანაირი ზეწოლა არ მომხდარა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
















